საქართველო და ქუვეითი ჰესების მშენებლობის პროექტს განიხილავენ

საქართველო და ქუვეითი 720 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტზე აწარმოებენ მოლაპარაკებას, რომელიც ითვალისწინებს 450 მეგავატიანი ჰესების კასკადის მშენებლობას დასავლეთ საქართველოში.

პროექტი მოიცავს 3 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა ქუვეითში 18-19 განხორციელებული ვიზიტის დასრულების შემდეგ განაცხადა.


მისი თქმით, წინასწარი შეთანხმება პროექტის თაობაზე მიღწეულ იქნა გასული წლის სექტემბერში ქუვეითში მისი წინა ვიზიტის დროს.


”ამჟამად, გავაგრძელებთ მუშაობას ქუვეითის ეკონომიკური განვითარების ფონდთან და შესაბამისად, რამდენიმე თვის განმავლობაში დავასრულებთ კონტრაქტის პროექტზე მუშაობას”, – განაცხადა ნოღაიდელმა.


პროექტი ითვალისწინებს ჟონეთ-ჰესის, თვიშ-ჰესის და ნამახვან-ჰესის მშენებლობას მდინარე რიონზე.


პრემიერ-მინისტრმა ნოღაიდელმა ასევე განაცხადა, რომ ქუვეითის ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებების დროს საუბარი ასევე შეეხო აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი ავტობანის მშენებლობებისთვის საჭირო თანხების მოპოვებას და კერძო ქუვეითური საინვესტიციო კაპიტალის მოზიდვას.


ქუვეითის ეკონომიკური განვითარების ფონდს საქართველოსთან დღესდღეობით ორი საკრედიტო შეთანხმება აქვს გაფორმებული, რომელთა საერთო მოცულობა 34,5 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს და რომელთაც ხელი 2000 და 2006 წლებში მოეწერათ. ორივე კრედიტი, რომელთა წლიური საპროცენტო განაკვეთი 3%-ს შეადგენს, საქართველოში გზების რეაბილიტაციას მოხმარდება. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version