შსკ-ს არაოფიციალური შეხვედრისთვის ცხინვალი პირობებს აყენებს

სამხრეთ ოსეთის მხარემ 14 თებერვალს განაცხადა, რომ ის მონაწილეობას მიიღებს სტამბოლში შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) არაფორმალურ შეხვედრაში, თუ მხარეები ამ შეხვედრის დროს შსკ-ს პლენარული სხდომის თარიღზე, ადგილზე და დღის წესრიგზე შეთანხმდებიან.


შსკ-ს ბოლო პლენარული სხდომა ვლადიკავკაზში გასული წლის ოქტომბერში გაიმართა, თუმცა ის უშედეგოდ დასრულდა.


მას შემდეგ ქართული მხარე თავს იკავებს შსკ-ს პლენარულ სხდომებში მონაწილეობისგან და სანაცვლოდ არაოფიციალური ”საინფორმაციო სხდომის” ჩატარების ინიციატივით გამოდის, რითიც ცდილობს კომისიის ფორმატის დაკნინებას, რომელსაც თბილისი ”უსამართლოს და მოძველებულს” უწოდებს.   


”სტამბოლის შეხვედრის აუცილებელი შედეგი უნდა იყოს გადაწყვეტილება შსკ-ს ფორმატში ერთობლივი მუშაობის გაგრძელების თაობაზე და კერძოდ, შეთანხმება შსკ-ს შემდეგი პლენარული სხდომის თარიღზე, დღის წესრიგსა და ადგილზე”, – იტყობინება სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი კომისიაში ოსური მხარის წარმომადგენლის ბორის ჩოჩიევის სიტყვებზე დაყრდნობით. 


ჩოჩიევმა ასევე განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის მხარე თბილისიდან წერილობით დასტურს ელოდება იმის თაობაზე, რომ ქართული მხარე მზად არის სტამბოლში შეხვედრა ზემოთ ჩამოთვლილი პირობების გათვალისწინებით გამართოს.


ჩოჩიევმა ასევე განაცხადა, რომ სტამბოლის შეხვედრის თარიღი მხოლოდ მას შემდეგ განისაზღვრება, როცა თბილისი ცხინვალის პირობებს დათანხმდება. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version