მოსკოვი აფხაზეთის ადგილობრივ არჩევნებს ”დემოკრატიულს” უწოდებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 14 თებერვალს აცხადებს, რომ თვითგამოცხადებულ აფხაზეთში 11 თებერვალს ჩატარებული ადგილობრივი არჩევნები შეესაბამებოდა ”საერთაშორისო საარჩევნო და დემოკრატიულ სტანდარტებს” და იმედს გამოთქვამს, რომ 4 მარტს რეგიონში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები ”ამ დემოკრატიულ ტენდენციას დაადასტურებს”.


მოსკოვის ყურადღება მიიქცია ასევე აფხაზეთის დე ფაქტო ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბატალ ტაბაღუას ინფორმაციამ იმის თაობაზე, რომ ქართველებით დასახლებულ გალის რაიონში 60%-იანი აქტივობა დაფიქსირდა და კენჭისყრამ ინციდენტების გარეშე ჩაირა.


”ამით აფხაზეთის ხელისუფლებამ საქმით დაამტკიცა განზრახვა არა მხოლოდ წინააღმდეგობა არ შეუქმნას გალის რაიონში ქართველი დევნილების დაბრუნებას, არამედ უზრუნველყოს მათთვის ძირითადი კონსტიტუციური უფლებები, მათ შორის საარჩევნო უფლება”, – აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება.


მიუხედავად იმისა, რომ აფხაზური მხარე გალის რაიონში ”ამომრჩეველთა მაღალ აქტივობას”  იტყობინებოდა, ქართული წყაროების ცნობით, გალის ადგილობრივმა მოსახლეობამ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა, რაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა ”გმირობად” შეაფასა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version