აზერბაიჯანულმა ბანკმა საქართველოში საქმიანობის ლიცენზია მიიღო

”აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკის” შვილობილმა ბანკმა ”აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი – საქართველომ” საქართველოში საბანკო საქმიანობის ლიცენზია მიიღო.


”აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი – საქართველოს” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს ასკერ მამედოვს დღეს ლიცენზია საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ გადასცა.


ცერემონიალს ასევე ესწრებოდა ”აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკის” პრეზიდენტი ჯაჰანგირ გაჯიევი, რომლის განცხადებით ”ბანკს სურვილი აქვს აქტიურად მიიღოს მონაწილეობა საქართველოს ეკონომიკურ ცხოვრებაში”.


რომან გოცირიძემ დღევანდელ ცერემონიალზე ხაზი გაუსვა, რომ აზერბაიჯანული ბანკის საქმიანობის დაწყება საქართველოში გაგრძელებაა იმ მნიშვნელოვანი რეგიონალური პროექტებისა, როგორიცაა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენი, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა და ყულევის ნავთობტერმინალი.   


ეროვნული ბანკის პრესსამსახურის ინფორმაციით, ”აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი – საქართველოს” დამფუძნებლები არიან აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი – 75%-იანი წილით და CI-Bank-ი 25%-იანი წილით.


”აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი”, რომლის აქციების 50%-ზე მეტი აზერბაიჯანის მთავრობას ეკუთვნის, 2005 წლის ბოლოსთვის აზერბაიჯანის საბანკო სექტორის აქტივების 50,9% ფლობდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version