თბილისი სოხუმში რუსი დიპლომატის ვიზიტს აპროტესტებს

6 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მოწვეულ იქნა საქართველოში რუსეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ვიაჩესლავ კოვალენკო, სადაც გამოითქვა პროტესტი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს მეოთხე დეპარტამენტის დირექტორის ანდრეი კელინის აფხაზეთში თბილისთან შეუთანხმებელ ვიზიტთან დაკავშირებით.


”ამგვარი ქმედება წარმოადგენს საქართველოს კანონიერი მოთხოვნების უპატივცემულობას და არა თუ ხელს არ უწყობს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესს, არამედ ზიანს აყენებს საქართველო-რუსეთის ორმხრივ ურთიერთობებს, რომლებშიც უკანასკნელ პერიოდში გარკვეული პოზიტიური დინამიკა აღინიშნება”, – ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ საინფორმაციო შეტყობინებაში.


ქართულმა მხარემ ელჩთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას აუცილებელია შემოსვლა მხოლოდ ლეგიტიმური სასაზღვრო-გამშვები პუნქტების გავლით. 


ამასთან, თბილისი აფხაზეთში გამართული შეხვედრის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის ”დაუყოვნებელ წარმოდგენას” ითხოვს.


”აფსნიპრესის” ცნობით, ანდრე კელინი თვითგამოცხადებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი შამბას 2 თებერვალს შეხვდა სოხუმში და აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების, მათ შორის ჟენევის ფორმატში დაგეგმილი მოლაპარაკებების საკითხები განიხილა.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version