ცხინვალი გაზის ტარიფს გაზრდის

ახალი გაზსადენი, რომელიც თვითამოცხადებულ სამხრეთ ოსეთს რუსეთს დაუკავშირებს, საშუალებას მისცემს თვითგამოცხადებულ რეგიონს გაზი რუსეთის შიდა ფასებად შეისყიდოს, რაც 1000 კუბუტ მეტრზე 40 აშშ დოლარს შეადგენს, განაცხადა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა იური მოროზოვმა 6 თებერვალს.


ცხინვალს ამჟამად რუსული გაზის შეძენა 1000 კუბურ მეტრზე დაახლოებით 300 აშშ დოლარად უწევს, რადგანაც თვითგამოცხადებული რეგიონი გაზს საქართველოს გავლით იღებს, იტყობინება სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი მოროზოვის სიტყვებზე დაყრდნობით.


მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო გაზს 235 აშშ დოლარად ყიდულობს 1000 კუბურ მეტრზე, სამხრეთ ოსეთისთვის მიწოდებული გაზის ღირებულება კიდევ უფრო იზრდება ტრანსპორტირების და დაბეგვრის ხარჯების გამო.


მისი თქმით, ეს გარემოება აუცილებელს ხდის, რომ ცხინვალის ხელისუფლებამ გაზარდოს გაზის სამომხმარებლო ტარიფი 10%-ით 1 მაისიდან და 15%-ით  – 1 სექტემბრიდან.


”გაზსადენის მშენებლობა [რომელიც სამხრეთ ოსეთს ჩრდილოეთ ოსეთს დაუკავშირებს] უკვე დაიწყო და უკვე აშენდა 2 კილომეტრი სიგრძის მონაკვეთი ჩრდილოეთ ოსეთის მხარეს”, – განაცხადა მოროზოვმა.


სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მან ეს საკითხი იანვარში მოსკოვში ვიზიტის დროს კომპანია ”გაზპრომის” წარმომადგენლებთან განიხილა.


მოროზოვმა ასევე აღნიშნა, რომ ის მოსკოვში რუსეთის ცენტრალური ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც შეთანხმდნენ, რომ 2007 წლის პირველ კვარტალში სამხრეთ ოსეთში კომერციული ბანკი გაიხსნება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version