აშშ და საქართველო ბირთვული კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლაზე თანხმდებიან

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა და აშშ-ს ელჩმა საქართველოში ჯონ ტეფტმა 2 თებერვალს ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის თანახმადაც ორი ქვეყანა ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების საქართველოს ტერიტორიის შიგნით ან მისი გავლით უკანონო გადატანის წინააღმდეგ ბრძოლაში ითანამშრომლებენ.


”ამ დოკუმენტის ხელმოწერა წარმოადგენს მნიშვნელოვან ქვაკუთხედს აშშ-ს და საქართველოს მთავრობების მცდელობებში ითანამშრომლონ ბირთვული ტერორიზმის საფრთხის დამარცხების მიზნით”, – ნათქვამია აშშ-ს საელჩოს პრეს-რელიზში.


შეთანხმების ხელმოწერას, რომელიც აშშ-ს საელჩოს განცხადებით, უკვე რამდენიმე თვეა მზადდება, წინ უძღოდა საქართველოს მთავრობის მიერ რუსეთიდან საქართველოში სამხრეთ ოსეთის გავლით ურანის კონტრაბანდის აღკვეთა.


”ვიწვევთ ყველას, განსაკუთრებით ჩვენ მეზობლებს, ასეთი სახის თანამშრომლობისთვის. მასობრივი განადგურების იარაღის და მასთან დაკავშირებული მასალების გავრცელება იქცა ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის”, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ.


მისი თქმით, მიუხედავად ”მნიშვნელოვანი პროგრესისა” მაინც არსებობს გარკვეული სირთულეები, რომლებიც უკავშირდება ქვეყნის ტერიტორიაზე მიტოვებული რადიოაქტიური წყაროების შესაძლოა არსებობას.


”ასევე ძალიან სერიოზული გამოწვევაა ამ საშიში მასალების ტრანზიტი უკონტროლო ტერიტორიებზე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. ამ ეტაპზე მოცემულ  ტერიტორიებზე ვერ ვრცელდება საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლი, რაც ზრდის ამ რეგიონის ბირთვული კონტრაბანდის მიზნით გამოყენების საფრთხეს”, – დასძინა ბეჟუაშვილმა. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version