ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებიდან 2 წლის თავზე ოჯახი გამოძიებას კვლავ უნდობლობას უცხადებს

არის მცდელობა, რომ დაიფაროს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების სიმართლე, განუცხადა გაზეთ ”რეზონანსს” მისმა ძმამ გოგა ჟვანიამ 3 თებერვალს – გარდაცვალებიდან ორი წლის თავზე.


გამოძიების ოფიციალური ვერსიით,  ზურაბ ჟვანია არასწორად დამონტაჟებული გაზის გამათბობლიდან ნახშირჟანგის გაჟონვის შედეგად გაიგუდა. თუმცა ზურაბ ჟვანიას ოჯახი უბედური შემთხვევის ოფიციალურ ვერსიას უნდობლობას უცხადებს.


”მე დიდი ხანია გამოძიებას უნდობლობას ვუცხადებ. მითუმეტეს, ჩვენი მთავარი მოთხოვნა, რომ ჩამოეყვანათ უცხოელი ექსპერტები და ისინი ჩართულიყვნენ გამოძიებაში, დღემდე არ შესრულებულა. ამის შესახებ იყო დაპირება პრეზიდენტის მხრიდან, მაგრამ დაპირება დაპირებად რჩება”, – აცხადებს 3 თებერვალს გაზეთ ”რეზონანსში” გამოქვეყნებულ ინტერვიუში გოგა ჟვანია.


ქართული პრესისთვის მიცემულ თავის ბოლო ინტერვიუებში გოგა ჟვანია აღნიშნავდა, რომ ინციდენტის ოფიციალურ ვერსიაში ბევრი გაურკვეველი დეტალები იყო. კერძოდ, მისი თქმით, გამოძიებამ ვერ აღმოაჩინა ჟვანიას და მისი თანმხლები პირის, რაულ უსუპოვის თითის ანაბეჭდები იმ ბინაში, სადაც გარდაცვლილები იპოვეს.


საქართველოს გენერალურ პროკურატურას გამოძიება ჯერ არ დაუსრულებია.


საქართველოს მთავრობის თხოვნის საფუძველზე, აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიუროს ლაბორატორიამ 2005 წლის 9 თებერვალს ექსპერიმენტი ჩაატარა ბინაში ჰაერის ხარისხის თაობაზე, რომელიც უახლოვდებოდა იმ პირობებს, რაც ორი ადამიანის გარდაცვალების დროს იყო ბინაში. 


”არ ყოფილა აღმოჩენილი რაიმე ისეთი გარემოება, რაც ეწინააღმედება საქართველოს  მთავრობის მიერ ადრე გაკეთებულ დასკვნას“, – ნათქვამია გამოძიების ფედერალური ბიუროს დასკვნაში.


გამოძიების ფედერალური ბიუროს ხუთი ექსპერტისგან დაკომპლექტებულმა ჯგუფმა ასევე შეამოწმა ბინაში დაყენებული გამათბობელი. გამათბობელი ექსპერტიზის ბიუროს მიერ შემოწმდა, რომელსაც ბიუროს მაშინდელი უფროსიც ლევან სამხარაულიც ესწრებოდა. სამხარაული სამი თვის თავზე ყვარელში მოკლეს. პოლიციის განცხადებით, მკვლელობაში ეჭვმიტანილმა სამხარაულის მოკვლის შემდეგ თავი მოიკლა.


3 თებერვალს პრეზიდენტმა სააკაშვილმა და სხვა ოფიციალურმა პირებმა ჟვანიას ხსოვნას მის საფლავზე მისვლით მიაგეს პატივი.


 


This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version