მმართველმა უმრავლესობამ შესაძლოა დიფერენცირებულ საარჩევნო ბარიერი შემოიღოს

გაზეთ “რეზონანსის“ ინფორმაციით, მმართველი „ნაციონალური მოძრაობა“ 7%–იანი საარჩევნო ბარიერის დიფერენცირებული ბარიერით ჩანაცვლების ვერსიას აქტიურად განიხილავს.  პარლამენტში ამ საკონსტიტუციო პროექტზე მსჯელობა საგაზაფხულოს სესიის განმავლობაში დაიწყება.


“ბარიერის დიფერენცირება იმას ნიშნავს, რომ, თუკი არჩევნებში პოლიტიკური პარტია ცალკე მიიღებს მონაწილეობას, მაშინ მისთვის ბარიერი შესაძლოა მხოლოდ 5–6%–ით განისაზღვროს; ბლოკისთვის, რომელშიც ორი პოლიტიკური პარტია გაერთიანდება, ბარიერი უკვე 8% იქნება; ბლოკში მესამე პოლიტიკური პარტიის დამატების შემთხვევაში ბარიერი უკვე 10% იქნება და ა.შ.“, – წერს 25 იანვარს გაზეთი “რეზონანსი“.


ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც ბარიერის დაწევის იდეას მხარს უჭენ, აცხადებენ, რომ დიფერენცირებული სისტემა ძალიან საშიშია.

“როგორც მე ვიცი უმრავლესობის წიაღში ასეთი პროექტი ნამდვილად არსებობს… ეს ემსახურება იმას, რომ მოხდეს ოპოზიციის ფრაგმენტაცია“, – აცხადებს “რეზონანსთან“ საუბარში მრეწველთა ფრაქციის წარმომადგენელი გია ცაგარეიშვილი.


პარლამენტის ვიცე–სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი “რეზონანსს“ უდასტურებს, რომ დიფერენცირებული ბარიერის შესახებ დეპუტატ გიგა ბოკერიას ინიციატივა თებერვლის საკონსტიტუციო განხილვების საგანი გახდება, თუმცა აცხადებს, რომ “პირადად მე იმის მომხრე ვარ, რომ 7%–იანი ბარიერი შენარჩუნდეს“.


7%–იან საპარლამენტო ბარიერის შეცვლაზე ხელისუფლებას მსჯელობა სავარაუდოდ, ნებისმიერ შემთხვევაში მოუწევს, რადგან ევროპის საბჭოს ინსტიტუტების არაერთი კრიტიკული რეკომენდაცია დაიდო წლების მანძილზე ბარიერის დაწევის აუცილებლობის თაობაზე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version