სააკაშვილი საქართველოს გაერთიანების მიზანზე საუბრობს

საქართველომ გასული სამი წლის მანძილზე გაძლიერება მოახერხა და ახლა დროა დაიწყოს მოძრაობა ქვეყნის გაერთიანებისაკენ, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 25 იანვარს, მისი პრეზიდენტად ინაუგურაციიდან სამი წლის თავზე.


“ჩვენ მივაღწიეთ ბევრად მეტს, ვიდრე ბევრს წარმოედგინა, მათ შორის ზოგიერთ ჩემს თანაგუნდელს და ბევრად ნაკლებს, ვიდრე ჩვენ გვჭირდება“, – განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა სიღნაღში შეკრებილ საქართველო ათობით მოქალაქის წინაშე გამოსვლისას.


მისი თქმით, საქართველოს მთავრობას “ტიტანური ამოცანები“ აქვს გადასალახი.


“ჩვენს ცხინვალში, კოხტა, კოპწია ქართულ ქალაქში კრიმინალების ბანდას მძევლად ჰყავს აყვანილი ამ ქალაქის მოსახლეობა და გარშემო სოფლების მაცხოვრებელი ჩვენი მოქალაქეები“, – განაცხადა სააკაშვილმა.


მისი განცხადებით, აფხაზეთზე, “ყველაზე ლამაზ ადგილზე“, საქართველოს მთავრობა დღენიადაგ ფიქრობს.


“ჩვენ აფხაზეთში 10–დან 8 მაცხოვრებელი, ვინც იქ უნდა ცხოვრობდეს, იქ აღარ ცხოვრობს. ჩვენ აფხაზეთში სახლების 80% დამწვარი და განადგურებულია. ჩვენ აფხაზეთს დაპატრონებულია ხალხი, რომელიც თავხედურად, მთელი მსოფლიოს გასაგონად აცხადებს, რომ არასდროს იქ აღარ შეუშვებს იმ ხალხს, ვისი წინაპრებიც არიან დასაფლავებული ამ მიწაზე და ვინც იქიდან უსინდისოდ იქნა გამოყრილი“, – განაცხადა სააკაშვილმა.


მისი თქმით, სამი წლის წინ საქართველო “მუხლებზე დაჩოქილი და წელში გატეხილი“ ქვეყანა იყო.


“იმისათვის, რომ საბოლოო ნაბიჯი გადავდგათ წინ ქვეყნის გაერთიანებისკენ, ჩვენ პირველ რიგში გვჭირდებოდა ფეხზე დადგომა და წელში გამართვა. და მე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ დღეს მყარად ვდგავართ ფეხზე და ჩვენ როგორც იქნა გავიმართეთ წელში. ისე მყარად, რომ ჩვენი შერყევა ახლა პრაქტიკულად შეუძებელია“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.


“ჩვენ უნდა გავხდეთ ახალი დიდგორის თაობა… თაობა, რომლის სახელსაც მადლიერებით მოიხსენიებენ მრავალი ათასი წლის შემდეგ მანამ იარსებებს საქართველო და ამ წინსვლაში ჩვენ და თქვენ უკვე ვეღარაფერი ვეღარ შეგვაჩერებს“, – განაცხადა სააკაშვილმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version