თბილისი ქართული პოლიციის საგუშაგოზე თავდასხმას პროვოკაციად აფასებს

დღეს გამთენიისას აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში, სოფელ განმუხურში ქართული პოლიციის საგუშაგოზე თავდასხმას თბილისი “ტერორისტულ აქტს“ უწოდებს, რის შედეგადაც დაიღუპა შსს–ს თანამშრომელი ფირუზ შარია და დაიჭრა ერთი პოლიციელი ომარ ჯიქია. 


“აღნიშნული ფაქტი წარმოადგენს სოხუმის დე ფაქტო ხელისუფლებისა და მათი მფარველების მხრიდან მორიგ, წინასწარ კარგად დაგეგმილ და პროფესიონალების მიერ განხორციელებულ პროვოკაციას“, – ნათქვამია კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის განცხადებაში.


სახელმწიფო მინისტრის აპარატი ასევე ხაზს უსვამს, რომ თავდასხმა „გალის რაიონის მხრიდან, რუსეთის სამშვიდობო ძალების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან განხორციელდა“ .


თუმცა აფხაზური მხარე უარყოფს ქართული პოლიციის საგუშაგოზე შეიარაღებულ თავდასხმასთან კავშირს და „პროვოკაციების“ მოწყობაში თბილისს ადანაშაულებს.


ქართული მხარე მოუწოდებს გაეროს დამკვირვებელთა მისიას საქართველოში დაადგინოს განმუხურის ინციდენტის ინიციატორების ვინაობა და „მოვითხოვთ სათანადოდ შეაფასონ სოხუმის დე-ფაქტო ხელისუფლების მხრიდან სამშვიდობო პროცესის ჩაშლისაკენ მიმართული ქმედებები  და რუსეთის სამშვიდობო ძალების დესტრუქციული როლი“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version