ბაღაფში: არაოფიციალური შეთანხმება მრავალეროვან პარლამენტს უზრუნველყოფს

აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა განაცხადა, რომ არსებობს არაოფიციალური შეთანხმება აფხაზეთის პოლიტიკურ ძალებს შორის, რაც ხელს შეუწყობს “მრავალეროვანი პარლამენტის“ არჩევას 4 მარტს დაგეგმილ არჩევნებზე.


“ოფიციალურად რაიმე კვოტები გამოყოფილი არ არის გარკვეული ეთნიკური ჯგუფებისთვის აფხაზეთის პარლამენტში, მაგრამ არსებობს გაგება, არსებობს შეთანხმება ამ დროისთვის და არ დავუშვებთ, რომ ეს [შეთანხმება] დაირღვეს. ამ შეთანხმების აზრი მარტივია: ვთქვათ, რუსი კანდიდატი დასახელდება რომელიმე [მაჟორიტარულ] ოლქში; იმავე ოლქში შესაძლებელი იქნება რამდენიმე სხვა კანდიდატურის დასახელებაც, თუმცა ისინიც ეთნიკური რუსები უნდა იყვნენ“, – განაცხადა ბაღაფშმა საინფორმაციო სააგენტო “რეგნუმთან“ ინტერვიუში, რომელიც 19 იანვარს გამოქვეყნდა. 


მან ასევე განაცხადა, რომ საარჩევნო კამპანიის დროს აფხაზეთის დამოუკიდებლობის საკითხზე გაკეთდება ძირითადი აქცენტი, როგორც ეს წინა არჩევნების დროს იყო.


“ყველას, ვინც პარლამენტში ადგილებისთვის იბრძოლებს, უნდა ესმოდეს, რომ ისინი საკანონმდებლო ორგანოში ამ მიზნით მოდიან“, – განაცხადა ბაღაფშმა.


გაზეთი “24 საათი“ წერდა 19 იანვარს, რომ აფხაზეთის პოლიტიკურ ძალებს შორის მთავარი დაპირისპირება საპარლამენტო არჩევნების წინ არის მოსალოდნელი.


პოლიტიკურ ჯგუფებს, მათ შორის “ამცახარას”, “აიტაირას” და “ერთიან აფხაზეთს”, რომლებიც აფხაზეთის ლიდერს სერგეი ბაღაფშს ემხრობიან, არჩევნებზე ოპოზიციურ “ერთიანი აფხაზეთის სახალხო ფორუმთან” მოუწევთ დაპირისპირება. ეს უკანასკნელი ვიცე-პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას და აფხაზეთის ყოფილი ლიდერის ვლადისლავ არძინბას მომხრეებს აერთიანებს. ხაჯიმბა ბაღაფშის მეტოქე 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს იყო და ხელისუფლებაში ძალაუფლების გაყოფის შესახებ ბაღაფშთან მიღწეული შეთანხმების შედეგად მოვიდა.  


არჩევნებში ასევე მიიღებს მონაწილეობას ახლად შექმნილი პარტია “რუსეთის მოქალაქეთა კავშირი”. ეს პარტია იმედოვნებს, რომ ეთნიკური რუსების და სომხების ხმებს დააგროვებს, წერს გაზეთი “24 საათი“.


აფხაზეთის დამოუკიდებელი გაზეთის “ჩეგემსკაია პრავდას“ მთავარმა რედაქტორმა ინალ ხაშიგმა გაზეთ “24 საათს” განუცხადა, რომ ოპოზიციურ ძალებს არჩევნებში გამარჯვების ნაკლები შანსი აქვთ.


“მართალია, ხალხში ხელისუფლების მიმართ გარკვეული იმედგაცრუება იგრძნობა, მაგრამ ეს ოპოზიციის სასარგებლოდ არ იმოქმედებს… ძველის დაბრუნება არავის სურს“, – განაცხადა ხაშიგმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version