კომერსანტი: “ანტიქართულმა სანქციებმა“ შედეგი ვერ გამოიღო

კრემლმა გადაწყვიტა პრეზიდენტ სააკაშვილის რეჟიმზე გასულ წელს დაწესებული სანქციების მოხსნა მას შემდეგ, რაც ნათელი გახდა, რომ ამ ნაბიჯმა შედეგი ვერ გამოიღო და პირიქით, კიდევ უფრო შეამცირა რუსეთზე საქართველოს დამოკიდებულების ხარისხი, წერს რუსული გაზეთი “კომერსანტი“ თავის წამყვან სტატიაში 19 იანვარს.


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 18 იანვარს განაცხადა, რომ მოსკოვი ელჩს აბრუნებს თბილისში. რუსი და ქართველი პოლიტიკოსები და მასმედიის საშუალებები ასევე ვარაუდობენ, რომ რუსეთი საქართველოსთან სატრანსპორტო მიმოსვლასაც აღადგენს.


გადაწყვეტილება “ანტიქართული სანქციების“ შეწყვეტის თაობაზე გასულ კვირას, რუსეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე იქნა მიღებული, რომელიც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების განხილვის მიზნით იქნა მოწვეული, წერს “კომერსანტი“.


“სხდომამ გაანალიზა იმ ღონისძიებების შედეგები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ 2006 წლის ოქტომბერში იქნა შემოღებული. ძნელი სათქმელია, რა მონაცემები განიხილეს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, მაგრამ ხელმისაწვდომი სტატისტიკური მონაცემებით, სიტუაცია საქართველოში არც იმდენად არასახარბიელოა, როგორც ამას მოსკოვი ვარაუდობდა“, – წერს “კომერსანტი“.


“კრემლის შეფასებებმა, რომ სანქციები სააკაშვილის ხელისუფლების დაცემას გამოიწვევდა, ვერ გაამართლა… პირიქით, ანტიქართული კამპანია ნეგატიურად აისახა ქვეყნის [რუსეთის] რეპუტაციაზე როგორც საქართველოში, ისე დასავლეთში. საქართველოში პრო-რუსული პოლიტიკოსების პოზიცია  შეირყა, ხოლო მოსახლეობის მხარდაჭერა საქართველოს ნატოში ინტეგრაციაზე საგრძნობლად გაიზარდა. ყველა ამ ფაქტორის გაანალიზების შედეგად, კრემლის სტრატეგები, როგორც ჩანს მივიდნენ დასკვნამდე, რომ  სიტუაციის გამოსწორება მხოლოდ სანქციებზე უარის თქმას ძალუძს”, – წერს “კომერსანტი“ სტატიაში სათაურით   “რუსეთმა უკან დაიხია”.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version