მთავრობამ ოთხ კომპანიას გაზის ტარიფის დროებითი კომპენსაციისთვის კრედიტები გამოუყო

საქართველოში სამომხმარებლო ტარიფის გაზრდამდე რუსული გაზის გაძვირებით გამოწვეულ დანახარჯებს მთავრობის მიერ გაცემული 125 მლნ ლარიანი საბიუჯეტო სესხით ის კომპანიები დაფარავენ, რომელთაც დეკემბრის ბოლოს გააფორმეს შეთანხმება “გაზპრომთან“ 235 აშშ დოლარად ათასი კუბამეტრი გაზის შეძენის თაობაზე. მოგვიანებით კი ახალ ტარიფში  სრულად აისახება კომპანიების მიერ 2007 წლის 1 იანვრიდან გაზის გაძვირების გამო გაწეული დანახარჯები.


ამის შესახებ საუბარია მთავრობის 3 იანვრის განკარგულებაში, რომელითაც 
საქართველოში ბუნებრივი აირის საფასურის ზრდის დროებითი კომპენსირებისათვის კომპანია “ენერჯი-ინვესტს” –  არაუმეტეს 25 მილიონი ლარის, სს “მტკვარი ენერგეტიკას” –  37 მილიონი ლარის, სს “იტერა-საქართველოს”  –18 მილიონი ლარის და სს “ყაზტრანსგაზთბილისს” – 45 მილიონი ლარის ოდენობით საბიუჯეტო სესხი 2 წლით, 2008 წლის 31 დეკემბერამდე მიეცემა, წლიური 0,5 პროცენტით.


ამდენად, 125 მლნ ლარიან საბიუჯეტო კრედიტს სამი რუსული და ერთი ყაზახური კომპანია გადაინაწილებს.


განკარგულების თანახმად, სესხის ძირითადი თანხის გასტუმრების ერთადერთი წყარო იქნება გაზრდილი ტარიფი, რომლითაც მომხმარებელს  მოუწევს მიმდინარე და ტარიფის გაზრდამდე გასაწევი ხარჯების ერთბაშად გადახდა. განკარგულებაში არ არის კონკრეტულად ხაზგასმული, გაზის ღირებულების გაძვირების და საბიუჯეტო სესხის გარდა, ტარიფში აისახება თუ არა სესხის საპროცენტო განაკვეთიც. 


ამასთან კომპანიების მიერ სასესხო პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, თუ ისინი ამის შესახებ 10 დღით ადრე გააფრთხილებენ,  მთავრობა ვალდებული იქნება “გადახედოს სესხის ვადებს და “სესხის მიმღებთან” შეთანხმებით მოახდინოს სესხის დაფარვის ვადების ცვლილება იმგვარად, რომ არ მოხდეს “სესხის მიმღების” პირობების გაუარესება“, ნათქვამია განკარგულებაში.


ამჟამად, თბილისის მომხმარებელი 34 თეთრს იხდის კუბურ მეტრ გაზში, რეგიონებში კი ტარიფი 40–დან 45 თეთრამდე მერყეობს.


ენერგეტიკის ეროვნული მარეგულირებელი კომისიის (სემეკი) თავმჯდომარემ გიორგი თავაძემ 15 იანვარს განაცხადა, რომ კომისია ტარიფის ზრდაზე თვის ბოლოს იმსჯელებს. ამ ეტაპზე უცნობია როდიდან ამოქმედდება ახალი სატარიფო განაკვეთები.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version