რესპუბლიკელები პრეზიდენტის ინიციატივებზე პოზიციას გამოთქვამენ

რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ გამართლდა მისი თანაპარტიელების ვარაუდი იმის თაობაზე, რომ პრეზიდენტის ინიციატივა ახალი კონსტიტუციის შემუშავების პროცესში  ოპოზიციასთან თანამშრომლობაზე “მორიგი პოლიტიკური მანევრი იყო“.


“იგი მიზნად ისახავდა კონსტიტუციის ბოლო ცვლილებებით გამოწვეული ძალიან უარყოფითი ფონის გადაფარვას სამომავალო “დემოკრატიული“ გეგმების თაობაზე“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.


11 იანვარს პრეზიდენტმა დააზუსტა, რომ ახალი კონსტიტუციის მიღება მხოლოდ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდეგ უნდა მოხდეს. ერთი დღით ადრე კი სააკაშვილმა ოპოზიციას ამ საკითხზე თანამშრომლობა შესთავაზა, რაზეც ოპოზიციის დიდმა ნაწილმა მზადყოფნა გამოხატა.
 
უსუფაშვილის განცხადებით, იგი ასევე სერიოზულად არ აღიქვამს პრეზიდენტის კიდევ ერთ წინადადებას უშიშროების საბჭოს გაფართოებულ ფორმატში ოპოზიციის მონაწილეობის თაობაზე.


სანაცვლოდ, რესპუბლიკელთა ლიდერი გამოდის ინიციატივით გაიმართოს “ყოველკვარტალური დახურული შეხვედრები პოლიტიკურ ოპონენტებთან, რომლებზეც განიხილებოდა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, ჩრდილო ატლანტიკური ინტეგრაციის, დსთ-დან საქართველოს გამოსვლის და სხვა მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი საკითხები“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version