სააკაშვილი: ახალი კონსტიტუცია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდეგ იქნება მიღებული

“ახალი კონსტიტუციის მიღება მხოლოდ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის სრული აღდგენის შემდეგ იქნება შესაძლებელი“, – განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 11 იანვარს, თუმცა იქვე დასძინა, რომ საქართველომ ახალი კონსტიტუციის შემუშავება ახლავე უნდა დაიწყოს.


მიხეილ სააკაშვილმა ეს განცხადება აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის წევრებთან ზემო კოდორის ხეობის სოფელ ჩხალთაში გამართულ შეხვედრაზე გააკეთა.


“არაფერი სხვა არჩევანი ჩვენ არა გვაქვს. მაგრამ რა თქმა უნდა, კონსტიტუციური პროცესი უნდა მიდიოდეს ყველა პოლიტიკური ძალის და ეთნიკური ჯგუფის მონაწილეობით, მათ შორის კონფლიქტებში ჩართული ყველა მხარის მონაწილეობით. ჩვენ მაქსიმალურად მივესალმებით ყველას ჩართვას ამ პროცესში. მაგრამ ახალი კონსტიტუციის პროცესი დაკავშირებულია საქართველოს გამთლიანების პროცესთან”, – განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა.     


10 იანვარს პრეზიდენტმა სააკაშვილმა მოუწოდა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს “ფართო კონსენსუსს“ მიაღწიონ ახალი კონსტიტუციის შემუშავების დაწყების საქმეში. მისი თქმით, ახალი კონსტიტუციის შექმნა “ხანგრძლივი პროცესი იქნება, რომელსაც წლები დასჭირდება“.


ოპოზიციური პარტიების უმეტესობა მიესალმა ამ ინიციატივას, თუმცა ზოგიერთმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ ნებისმიერი ახალი კონსტიტუცია ძალაში 2008 წლის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების შემდეგ უნდა შევიდეს.


დეპუტატებმა ნაციონალური მოძრაობიდან უკვე გააკრიტიკეს ოპოზიცია პირობების წამოყენების გამო.


“პირობების და ულტიმატუმების წამოყენება არ არის კარგი ნიშანი თანამშრომლობის დასაწყებად“, – განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა 11 იანვარს. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version