პრეზიდენტი მიესალმა ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გაზზე მიღწეულ “ისტორიულ“ გარიგებას

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 30 დეკემბერს განაცხადა, რომ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ნიკა გილაურმა ანკარაში ხელი მოაწერა “ისტორიულ შეთანხმებას”თურქეთთან და აზერბაიჯანთან საქართველოსთვის გაზის მოწოდების თაობაზე.


მიუხედავად იმისა, რომ მან არ დააკონკრეტა ამ შეთანხმების დეტალები, სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო გადაერთვება შაჰ-დენიზის საბადოდან გაზის მიღებაზე, როგორც კი ჭაბურღილზე ტექნიკური პრობლემები მოგვარდება.


იმავე დღეს, მოგვიანებით, ენერგეტიკის მინისტრმა ნიკა გილაურმა დააკონკრეტა, რომ პრეზიდენტი გულისხმობდა აზერბაიჯანთან მიღწეულ შეთანხმებას, რომელიც 1 მილიონი კუბური მეტრი გაზის მოწოდებას ითვალისწინებს ყოველდღიურად 120 აშშ დოლარად 1000 კუბურ მეტრზე. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეს სამთვიანი კონტრაქტია, რომელიც საერთო ჯამში 90 მილიონი კუბური მეტრი გაზის მოწოდებას ითვალისწინებს, საქართველო შეწყვეტს ამ გაზის იმპორტს, როგორც კი შაჰ-დენიზის საბადო მწყობრში შევა.


პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო “ასევე შეინარჩუნებს გაზის მოწოდების სხვა წყაროებს“ მას შემდეგ, რაც შაჰ-დენიზი ექსპლოატაციაში შევა. ის, საარაუდოდ, რუსეთს გულისხმობდა.


სააკაშვილმა აღნიშნა, რომ მისთვის უცნობია, თუ რა არის შაჰ-დენიზის საბადოს ტექნიკური პრობლემების მიზეზი.


სააკაშვილი 30 დეკემბერს მთავრობის სხდომაზე გამოვიდა, რომელსაც ასევე დაესწრო იმავე დღეს ანკარიდან დაბრუნებული ენერგეტიკის მინისტრი ნიკა გილაური.


საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, იგი  ენერგეტიკის სამინისტროს მუშაობით კმაყოფილია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version