შაჰ–დენიზიდან გაზის მოწოდების შესახებ თურქეთთან ხელშეკრულება გაფორმდა

22 დეკემბერს ანკარაში საქართველოსა და თურქეთის ენერგეტიკის მინისტრებს ნიკა გილაურსა და ჰილმი გიულერს შორის  ხელშეკრულების ოქმი გაფორმდა, რომლის მიხედვითაც შაჰ–დენიზის გაზსადენიდან საქართველო თურქეთის წილიდან 800 მლნ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მიიღებს, რასაც ემატება პირვანდელი კონტრაქტით საქართველოსთვის გათვალისწინებული 250 მლნ კუბური მეტრი გაზი.


ჯერ–ჯერობით კვლავ კონფიდენციალური რჩება შაჰ–დენიზის გაზის ფასი.


თუმცა 22 დეკემბერს პრემიერ–მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანული გაზი გაცილებით იაფია რუსულ გაზზე, რომლის  1000 კუბურ მეტრში საქართველო იძულებულია, რომ 2007 წლიდან 235 აშშ დოლარი გადაიხადოს, რადგან შაჰ–დენიზის ჭაბურღილზე მომხდარი ავარიის გამო გაზსადენის ექსპლოატაციაში შესვლა რამდენიმე კვირით გადაიდო.


ნოღაიდელის განცხადებით, როგორც კი „ტექნიკური პრობლემები აღმოიფხვრება“, საქართველო, როგორც დაგეგმილი იყო, ძირითადად აზერბაიჯანულ გაზს მიიღებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version