ნოღაიდელი გაზის თემაზე დამატებით კომენტარს აკეთებს

პრემიერ–მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა 22 დეკემბერს განაცხადა, რომ საქართველო “იძულებულია” ძვირი რუსული გაზი მიიღოს იმის გამო, რომ შაჰ–დენიზის გაზსადენზე “ტექნიკური პრობლემების“ გამო აზერბაიჯანული გაზის მიღება რამდენიმე კვირით გადაიდო.


“თქვენ იცით, რომ შაჰ–დენიზიდან გაზის მიღება 22 დეკემბერს უნდა დაგვეწყო, მაგრამ ტექნიკური მიზეზებით გადაიდო, ჭაბურღილის დაზიანების გამო…ამ მიზეზების აღმოფხვრას შესაძლოა რამდენიმე კვირა დასჭირდეს“, – განაცხადა ზურაბ ნოღაიდელმა 22 დეკემბერს გამართულ რიგით მეორე პრესკონფერენციაზე.


მისი თქმით, საქართველო იძულებულია 2007 წლის 1 იანვრიდან რუსული გაზის იმპორტი 1000 კუბურ მეტრზე 235 აშშ დოლარად განახორციელოს.


ნოღაიდელის განცხადებით, მთავრობა გააკეთებს ყველაფერს, რათა გაზის გაძვირება მომხმარებელმა არ იგრძნოს.


“მე უკვე მივმართე პარლამენტის თავმჯდომარეს [ნინო ბურჯანაძეს]თხოვნით ბიუჯეტის განხილვა 27–დან 29 დეკემბრისათვის გადაიდოს, რათა მთავრობას მიეცეს შესაძლებლობა შესაბამისი შესწორებები შეიტანოს ბიუჯეტის პროექტში“, – განაცხადა ნოღაიდელმა.


ამ განცხადებამდე 2 საათით ადრე პრემიერ–მინისტრმა პირველი პრესკონფერენცია ჩაატარა, სადაც განაცხადა, რომ საქართველო მომავალ წელს საჭირო გაზის 70%–ს აზერბაიჯანის შაჰ–დენიზის საბადოდან მიიღებს.


ამის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ “გაზპრომმა“ ხელი მოაწერა კონტრაქტებს საქართველოში მოქმედ სამ კომპანიასთან 1,1 მლრდ კუბური მეტრის გაზის მიწოდების თაობაზე – ეს რაოდენობა საქართველოს მიერ მთელი წლის განმავლობაში მოხმარებული გაზის ნახევარზე მეტია.


“თქვენ იცით ჩემი აზრი, რომ ყოველგვარი სუბსიდირების წინააღმდეგი ვარ, მაგრამ მთავრობა საჭიროდ მიიჩნევს გადადგას გარკვეული ნაბიჯები სოციალურად შეჭირვებული ადამიანების დასაცავად“, – განუცხადა 22 დეკემბერს ჟურნალისტებს კახა ბენდუქიძემ, სახელმწიფო მინისტრმა ეკონომიკური რეფორმების საკითხებში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version