“შაჰდენიზის” გაზსადენიდან საქართველო 1,01 მილიარდ კუბამეტრ გაზს მიიღებს

“შაჰდენიზის“ გაზსადენიდან საქართველო სავარაუდოდ 1,01 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს მიიღებს. შესაბამისი შეთანხმება ბაქოში ექსპერტების დონეზე გამრთულ კონსულტაციებზე შედგა. ამის შესახებ დღეს “სივილ ჯორჯიას“ ენერგეტიკის სამინისტროში აცნობეს.


ჯერ–ჯერობით გაზის ღირებულების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია უცნობია. თუმცა ტელეკომპანია “რუსთავი 2“–ის ცნობით, 1000 კუბური მეტრი აზერბაიჯანული გაზის ფასი სავარაუდოდ 120 აშშ დოლარი იქნება.


ბაქოში სამხრივი თურქულ–აზებაიჯანულ–ქართული კონსულტაციები 16 დეკემბერსაც გაგრძელდება.


აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტოები ცოტა ხნის წინ იტყობინებოდნენ, რომ თურქეთი თავისი წილიდან – 2,8 მილიარდ კუბური მეტრი გაზიდან – მზად არის 1,3 მილიარდი კუბური მეტრი გამოუყოს აზერბაიჯანს და 800 კუბური მეტრი საქართველოს . ამავდროულად, საქართველო მიიღებს 250 მილიონ კუბურ მეტრ გაზს, რომელიც საქართველოსთვის შაჰდენიზის კონტრაქტით უკვე არის გათვალისწინებული.


“შაჰდენიზის“ გაზსადენი ექსპლოატაციაში 20 დეკემბერს შევა, ნაცვლად ადრე გამოცხადებული 15 დეკემბრისა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version