სამხრეთ ოსეთის ალტერნატიული და დე ფაქტო მთავრობები საკადრო საკითხებზე დავობენ

სამხრეთ ოსეთის ალტერნატიული მთავრობა “აბსურდულს“ უწოდებს ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების განცხადებას იმის თაობაზე, რომ  ალტერნატიულმა მთავრობამ ჯანდაცვის მინისტრად ნინა ხეთაგუროვა “მოსყიდვის“ მცდელობით, მისი თანხმობის გარეშე დანიშნა. 


14 დეკემბერს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტმა განაცხადა, რომ ხეთაგუროვას მინისტრის თანამდებობა ქართულმა მხარემ სხვა პრივილეგიებთან: მაღალ ხელფასთან, მანქანასთან და სოფელ ქურთაში [სადაც განთავსებულია ალტერნატიული პრეზიდენტის დიმიტრი სანაკოევის რეზიდენცია] სახლით უზრუნველყოფასთან ერთად შესთავაზა,  “თუმცა ხეთაგუროვამ უარი განაცხადა “ალტერნატიულ მთავრობაში“ მუშაობაზე“. 


“აბსურდულია იმის თქმა, რომ ხეთაგუროვა – ქურთას საავადმყოფოს ექიმი, ამ თანამდებობაზე დაინიშნა მისი თანხმობის გარეშე… კოკოითის მთავრობა განაგრძობს სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის დაშინების პოლიტიკას… ჩვენ მთავრობაში შედიან სამხრეთ ოსეთის მცხოვრებნი და სწორედ ეს აშფოთებს კოკოითს“, – აღნიშნავს ალტერნატიული მთავრობის ინფორმაციის, მეცნიერების და ახალი ტექნოლოგიების მინისტრი ვლადიმერ სანაკოევი საპასუხო განცხადებაში.


7 დეკემბერს დიმიტრი სანაკოევმა განაცხადა, რომ მან ალტერნატიულ მთავრობაში 12–დან  8 მინისტრი უკვე დანიშნა. 


ალტერნატიული მთავრობის პრემიერ–მინისტრი ურუზმაგ ქარქუსოვი  გახდა; შინაგან საქმეთა მინისტრად ჯემალ ქარქუსოვი დაინიშნა; ეკონომიკის მინისტრად თეიმურაზ ჯერაპოვი; ფინანსთა მინისტრად ავთანდილ გოგიძე; სოფლის მეურნეობის და ბუნებრივი რესურსების მინისტრად კონსტანტინე კევლიშვილი; საგარეო საქმეთა მინისტრად მაია ჩიგოევა–ცაბოშვილი; ინფორმაციის, მეცნიერებისა და ახალი ტექნოლოგიების მინისტრად ვლადიმერ სანაკოევი; ხოლო თამაზ მაისურაძე რკინიგზის, მშენებლობისა და ტრანსპორტის მინისტრად.


ჯანდაცვის მინისტრის საკითხი გაურკვეველია მაშინ, როცა კულტურის, იუსტიციის და კონფლიქტის მოგვარების მინისტრების თანამდებობები ჯერ–ჯერობით ვაკანტური რჩება. ალტერნატიულ მთავრობაში თავდაცვის სამინისტრო არ შექმნილა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version