პარლამენტმა აჭარის სტატუსის შესახებ კონსტიტუციურ კანონში ცვლილებები მიიღო

დღეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე პირველი მოსმენით,  166 ხმით 9–ის წინააღმდეგ მიიღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ კონსტიტუციურ კანონში ცვლილებები და დამატებები, რომელიც აჭარის უმაღესი საბჭოს შემდეგი არჩევნების 2008 წლის 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრამდე შუალედში ჩატარებას ითვალისწინებს.


არჩევნების ზუსტ თარიღს პრეზიდენტი დანიშნავს, რომელიც სავარაუდოდ, დაემთხვევა შემდგომი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების დღეს, რომელთა ჩატარებაც საკონსტიტუციო ცვლილებების ცალკე პროექტით  2008 წლისათვის ერთდროულად არის გათვალისწინებული.


შედეგად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს, რომელიც 2004 წლის ივნისში იქნა არჩეული, 4 –6 თვის ვადით გაეზრდება უფლებამოსილება.


აჭარის სტატუსის შესახებ კონსტიტუციურ კანონში ცვლილებებისა და დამატებების პროექტი ასევე აზუსტებს, რომ აჭარის უმაღლესი საბჭო ირჩევა 4 წლით და შედგება არაუმეტეს 30 წევრისაგან. ავტონომიის საკანონმდებლო ორგანოს წევრთა ზუსტი რაოდენობა და არჩევის წესი კი აჭარის ადგილობრივი კანონმდებლობით უნდა განისაზღვროს.


ასევე პროექტის თანახმად, პრეზიდენტი ვალდებულია აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურა ახლადარჩეულ უმაღლესი საბჭოს ფრაქციებთან კოსულტაციების საფუძველზე წარადგინოს.


პროექტით ასევე გათვალისწინებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საანგარიშო პალატის შექმნა, რომელსაც საფინანსო და ქონების კონტროლის ფუნქცია დაეკისრება. თუმცა ამ ორგანოს საქართველოს კონტროლის პალატასთან ანგარიშვალდებულების ფორმულირება საბოლოო რედაქციით პროექტში მეორე მოსმენისათვის განისაზღვრება, რადგან დეპუტატების უმრავლესობამ უარყოფითი პოზიცია გამოხატა საანგარიშო პალატისათვის სრული კონსტიტუციური დამოუკიდებლობის მინიჭების მიმართ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version