სააკაშვილი მიესალმება დასაქმების პროგრამის განხორციელებას

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 8 დეკემბერს განაცხადა, რომ 2007 წლიდან დასაქმების პროგრამის განხორციელებას, მისი ეფექტურობის შემდგომი ზრდის მიზნით, ეკონომიკის სამინისტრო გააკონტროლებს. ოფიციალური ინფორმაციით, ეს პროგრამა უკვე 10 000 მოქალაქეს დაეხმარა სამსახურის მოძებნაში.


პროგრამის ფარგლებში, რომლის განხორციელებაც 2006 წლის სექტემბერში ჯანდაცვის სამინისტროს ზედამხედველობით დაიწყო, თითოეულმა მონაწილემ, სამთვიანი მომზადების ფარგლებში 450 ლარი მიიღო.    


ოფიციალური ინფორმაციით, პროგრამაში 35 000-ზე მეტმა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა.


“ამ პროგრამის შემდეგ სულ ცოტა 10 000 კაცმა უკვე მიიღო მუდმივი სამუშაო ადგილი“, – განუცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ლადო ჭიპაშვილმა პრეზიდენტს 8 დეკემბერს გამართულ შეხვედრაზე. 


“ამ პროგრამაზე 20 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი  სამუშაო ადგილის შექმნა საშუალოდ 2 000 ლარი ჯდება“, – დასძინა მან.


“ყველა ისეთ საწარმოს, რომელიც ახალ სამუშაო ადგილებს ქმნის, განსაკუთრებული წახალისება სჭირდება სახელმწიფოს მხრიდან; ჩვენ გვჭირდება ის ხალხი, ვინც ასაქმებს. ვინც ასაქმებს ის არის ჩვენი მეგობარი და ქვეყნის მეგობარი. მე მინდა, რომ ჩვენ შემოვიღოთ ახალი მედალი, რომლითაც დავაჯილდოვებთ იმ ადამიანებს, რომელთაც ყველაზე მეტი ადამიანი დაასაქმა. აქამდე ჩვენ გვქონდა საბრძოლო ორდენები და ახლა უნდა წავახალისოთ ის ადამიანები, ვინც იბრძვის ეკონომიკურ ფრონტზე, იმიტომ რომ ესეც ჩვენთვის არის საქართველოს თავდაცვის მთავარი წინა ხაზი“, – განაცხადა სააკაშვილმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version