ბეჟუაშვილი: თბილისს სამშვიდობო პროცესის გამოცოცხლება სურს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა 4 დეკემბერს ბრიუსელში ეუთოს მინისტრთა საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ თბილისის მოთხოვნა შეიცვალოს ამჟამად არსებული მოლაპარაკებების და სამშვიდობო ფორმატები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების ზონებში მიზნად ისახავს სამშვიდობო პროცესების გამოცოცხლებას.


„დიდი ხნის მანძილზე, საქართველოს ტერიტორიებზე არსებული კონფლიქტების ბედი მიკერძოებული და არაეფექტური შუამავლების ხელში იყო. ამჟამად, სტატუს ქვოს გაუარესების საფრთხე არსებობს, რაც სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიების დაყოფის საფრთხეს ქმნის“, – განაცხადა ბეჟუაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას.


მისი თქმით, ლუბლიანაში 2005 წლის დეკემბერში გამართული მინისტრთა საბჭოს სხდომის შემდეგ „ცოტა რამ თუ შეიცვალა“. სწორედ ამ სხდომამ მოიწონა თბილისის სამშვიდობო გეგმა სამხრეთ ოსეთის თაობაზე.


„ნაცვლად დემილიტარიზაციისა, ხდება ინტენსიური შეიარაღება, ნაცვლად უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუმჯობესებისა, იზრდება დანაშაული და კონტრაბანდა. ჩვენი მოქალაქეები უხეში დარღვევების  და ხშირ შემთხვევებში ბრმა სიკვდილის მსხვერპლნი ხდებიან უკონტროლო დანაღმული ტერიტორიების გამო“, – განაცხადა ბეჟუაშვილმა.


მისი თქმით, „არსებული არაეფექტური მოლაპარაკებების და სამშვიდობო ფორმატები“ უნდა შეიცვალოს, რათა „უზრუნველყოფილ იქნას პირდაპირი დიალოგი აფხაზურ და სამხრეთ ოსურ მხარეებთან გაეროს და ეუთოს ეგიდით“.


„ჩვენ ასევე მოვუწოდებთ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს მონაწილეობა მიიღონ სამშვიდობო მოლაპარაკებებში, როგორც ხელშემწყობებმა და გარანტორებმა, რათა დააბალანსონ რუსეთის დომინანტური როლი, რადგანაც ამ უკანასკნელის, როგორც სამშვიდობო პროცესის პატიოსანი შუამავლის სანდოობა, დიდი ხანია უკვე შეირყა. გვჯერა, რომ ამ გზით სამშვიდობო პროცესს სანდო შედეგები მოყვება“, – განაცხადა მან.


მოგვიანებით, 4 დეკემბერს გელა ბეჟუაშვილმა ტელეკომპანია „მზეს“ განუცხადა, რომ მინისტრთა საბჭომ რუსეთის წინააღმდეგობის გამო ვერ მიიღო განცხადება საქართველოს შესახებ.


„ჩვენ რუსეთის დელეგაციასთან ხანგრძლივი და ინტენსიური კონსულტაციები გვქონდა. ყველა სხვა ქვეყნების დელეგაციები მზად იყვნენ მხარი დაეჭირათ [ფორმატის შეცვლისთვის], თუმცა რუსეთის პოზიცია უდრეკი იყო“, – განაცხადა ბეჟუაშვილმა.


 



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version