დეპუტატი ქართველების დეპორტაციის შესახებ მწვავე განცხადებებს აკეთებს

დეპუტატმა ნიკა გვარამიამ 4 დეკემბერს განაცხადა, რომ რუსეთის გამანაწილებლებში დეპორტაციის მოლოდინში 79 ქართველი რჩება.


გვარამია, რომელიც ამავე დროს რუსეთში ქართველთა უფლებების დარღვევის ფაქტების შემსწავლელ საპარლამენტო კომისიას ხელმძღვანელობს, განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება ფიქრობს თვითმფრინავის გაგზავნას რუსეთში, რათა ის ქართველები ჩამოიყვანოს, რომელთაც მიგრაციის წესების დარღვევაში ედებათ ბრალი.


მისი თქმით, 51 წლის მანანა ჯაველია, რომელიც მოსკოვის გამანაწილებელში დაკავებიდან ექვსი კვირის შემდეგ გარდაიცვალა, „რუსეთის ხელისუფლების მსხვერპლი გახდა“.


„შემიძლია ღიად განვაცხადო, ყოყმანის გარეშე, რომ ჯაველია რუსეთის ხელისუფლებამ მოკლა. იგი აფხაზეთიდან დევნილი და მოქალაქეობის არქონე პირი იყო და არავის არ ჰქონდა მისი დეპორტაციის უფლება. იქ უკანონოდაც რომ ყოფილიყო, მაინც ჰქონდა იმის უფლება, რომ ადამიანურად მოპყრობოდნენ. შეეძლოთ წამლები მაინც მიეცათ“, – განაცხადა გვარამიამ 4 დეკემბერს ტელეკომპანია „იმედის“ თოქშოუში „პირველები“ საუბრისას.


ჯაველიას ნათესავებმა ქართულ ტელევიზიებს განუცხადეს, რომ მას გული აწუხებდა.


გვარამიამ განაცხადა, რომ ეს ქართველის გარდაცვალების პირველი შემთხვევა არ არის მას შემდეგ, რაც რუსეთში ოქტომბერში „ანტი-ქართული კამპანია“ დაიწყო.


48 წლის თენგიზ ტოგონიძე 17 ოქტომბერს მოსკოვის დომოდედოვოს აეროპორტში დეპორტაციის მოლოდინში ასთმის შეტევისგან გარდაიცვალა.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version