ესტონეთისა და აშშ-ს პრეზიდენტებმა საქართველოზე კომენტარი გააკეთეს

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა 28 ნოემბერს განაცხადა, რომ მან საქართველოს შესახებ რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან ჰანოიში აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტის ფარგლებში გამართული შეხვედრის დროს იმსჯელა.


“კონკრეტულად რაც უნდა გავაკეთოთ არის ის, რომ უნდა დავეხმაროთ კონფლიქტის მოგვარებაში და გამოვიყენოთ ჩვენი დიპლომატები, რათა დავარწმუნოთ ხალხი, რომ უკეთესი გზა არსებობს წინსვლისთვის, ვიდრე ძალადობაა. ჩვენ ჯერ ძალადობა არ გვინახავს. მთავარია, რომ პირველ რიგში ხელი შევუშალოთ ამას. მე ვესაუბრე ვლადიმერ პუტინს ამ თემაზე, როდესაც მას შორეულ აღმოსავლეთში შევხვდი გასულ კვირას. ვიცი, რომ [ესტონეთის] პრეზიდენტიც ესაუბრა სააკაშვილს. დიალოგის მსვლელობა გაუმჯობესებულად მეჩვენება, ხალხს ესმის, რომ საუკეთესო გზა უთანხმოებების მოსაგვარებლად არის მაგიდასთან დაჯდომა და მათი დიპლომატიური გზით მოწესრიგება. ამდენად, ჩვენ განვაგრძობთ მუშაობას ამ კუთხით“, – განაცხადა ბუშმა.


ბუშმა ეს განცხადება ესტონეთის პრეზიდენტთან თომას ჰენდრიკ ილვესთან ტალინში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.


“ჩვენ გულწრფელად გვჯერა იმის, რომ რუსეთი მიხვდება, რომ დემოკრატიული სახელმწიფოს არსებობა მის საზღვართან არ უქმნის საშიშროებას რუსეთის უსაფრთხოებას. და იმედი გვაქვს, რუსეთი გაიგებს, რომ ავტორიტარული სახელმწიფოები მის საზღვრებთან ვერ უზრუნველყოფენ მის სტაბილურობას“, – განაცხადა ესტონეთის პრეზიდენტმა. 


ესტონეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ პრეზიდენტ ბუშთან გამართულ მოლაპარაკებებზე განხილული ერთ-ერთი საკითხი იყო საქართველოსა და უკრაინის მხარდაჭერა.


“ერთ-ერთი მთავარი გზავნილი იყო თავისუფლების გზავნილი იმ სახელმწიფოების მისამართით, რომელთაც ჩვენ მსგავსად, აირჩიეს გზა დემოკრატიისა და თავისუფლებისაკენ და რომლებიც არ ემორჩილებიან ზეწოლას ნებისმიერი მათი მეზობლის მხრიდან. ამ ქვეყნებში ჩვენ ვგულისხმობთ საქართველოს, უკრაინას და ბალკანეთის სახელმწიფოებს. ამ სახელმწიფოებს ყოველგვარი ყოყმანის გარეშე დავუჭერთ მხარს. და როცა რომელიმე ჩვენი მოკავშირე იმედს ან რწმენას კარგავს არ უნდა ვიმერყეოთ  და რამდენადაც შეგვიძლია დავეხმაროთ მათ”, – განაცხადა პრეზიდენტმა ილვესმა.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version