ივანოვი:საქართველოსთან ურთიერთობები არ არის პრიორიტეტული

რუსეთის ვიცე–პრემიერი, თავდაცვის მინისტრი სერგეი ივანოვი გერმანულ ჟურნალ “შპიგელთან“ ინტერვიუში გაკვირვებას გამოთქვამს რუსულ–ქართული ურთიერთობების მიმართ გაზრდილი ყურადღების გამო და აცხადებს, რომ რუსეთისთვის დღესდღეობით ეს ურთიერთობები პრიორიტეტული არ არის.


“მე არ მინდა ვაწყენინო საქართველოს და მეგობრულ ქართველს ხალხს, რომელთან ერთადაც ჩვენ ასწლეულები ვცხოვრობდით, მაგრამ დღესდღეობით საქართველოსთან ურთიერთობები ჩვენთვის პრიორიტეტს არ წარმოადგენს“, – აცხადებს ივანოვი ინტერვიუში, რომელიც 28 ნოემბერს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებ–გვერდზე გამოქვეყნდა.


“ის რომ საქართველო მუდმივად გვლანძღავს ჩვენ, არ შეიძლება ურეაქციოდ აღიქვა. საქართველოს ამჟამინდელი პოლიტიკა, ვთვლი, რომ ხასიათდება გარკვეული ისტერიულობით და რაც ყველაზე მთავარია, საკუთარი შიდა პრობლემების სხვის ხარჯზე მოგვარების მცდელობით. მათ შორის ნატოსა და ევროკავშირის ხარჯზე“, – აცხადებს ივანოვი.


მან ასევე კომენტარი გააკეთა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის შეწყვეტაზე, რაც მისი თქმით, ეკონომიკური სანქცია არ არის და გამოწვეულია ქართული ავიაკომპანიების დავალიანებით.


მოსკოვმა თბილისთან ყველა სახის სატრანსპორტო კავშირი 3 ოქტომბრიდან რუსი ჯაშუშების დაკავებით გამოწვეული სკანდალის შემდეგ შეწყვიტა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version