სოხუმი აშშ–ს “პროქართული” პოზიციიდან ნეიტრალურზე გადასვლისაკენ მოუწოდებს

სოხუმი აშშ–ს “პროქართული“ პოზიციის ნაცვლად აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების პროცესში  ნეიტრალური შუამავლობისაკენ მოუწოდებს, იუწყება “აფსნიპრესი“ 21 ნოემბერს თვითგამოცხადებული აფხაზეთის უშიშროების საბჭოს მდივნის სტანისლავ ლაკობას სიტყვებზე დაყრდნობით.


“აშშ იკავებს არა ნეიტრალურ, არამედ პროქართულ პოზიციას. აშშ–ს ეს მხარდაჭერა საქართველოს მიმართ არაკონსტრუქციული და არაადეკვატურია“, – განაცხადა ლაკობამ მას შემდეგ, რაც 18 ნოემბერს სოხუმს აშშ-ის დელეგაცია სტუმრობდა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ–ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის მეთიუ ბრაიზას ხელმძღვანელობით.


“აშშ–ს ყველაზე მეტად ადარდებს ოფიციალური სოხუმის გეგმები ზემო კოდორის ხეობის მიმართ… ჩავატარებთ თუ არა ჩვენ იქ სამხედრო ოპერაციას. მაგრამ ამასთან ერთად არ არიან მზად გამოიყენონ თავისი გავლენა, რათა აიძულონ ქართული მხარე გაიყვანოს თავისი ფორმირებები კოდორის ხეობიდან“, – განაცხადა სტანისლავ ლაკობამ.


მისგან განსხვავებით აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა სასარგებლოს უწოდებს ამერიკელი დიპლომატების სოხუმში ვიზიტს, რადგან “მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი შეხედულებები მათ მოისმინეს“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version