Greenoak Group–ი ბათუმში ინდუსტრიული კომპლექსის მშენებლობას იწყებს

ბათუმის ნავთობტერმინალის მფლობელმა Greenoak Group–მა 16 ნოემბერს განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობასთან მიღწეულია შეთანხმება 27.1 მილიონ აშშ დოლარად ბათუმის ნავსადგურის მიმდებარე 80 ჰექტარამდე მიწის ნაკვეთის შეძენის თაობაზე, სადაც ინდუსტრიული კომპლექსის მშენებლობა იგეგმება.


ჯგუფს განზრახული აქვს შეძენილ მიწის ფართობზე წამოიწყოს უდიდესი მასშტაბის ენერგოპროექტი, რომელიც მოიცავს ნედლი ნავთობის გადამამუშავებელი ქარხნის, მეთანოლის ქარხნის და ამონიუმის ქარხნის მშენებლობას. 


პროექტის სრული ღირებულება 3.2 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება. მშენებლობის პერიოდში პროექტით უნდა შეიქმნას 5 000-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი და ასევე სულ ცოტა 1 000 მუდმივი სამუშაო ადგილი.


“პროექტი, რომლის დაწყებასაც ამ მიწის ნაკვეთის შეძენის მეშვეობით ვგეგმავთ, მართლაცდა ისტორიული მნიშვნელობისაა. იმისათვის, რათა ის წარმატებული გავხადოთ, საჭიროა ჩამოვაყალიბოთ კონსოლიდირებული ინდუსტრიული კომპლექსი ბათუმში, სადაც უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიზნით მოხდება ლოჯისტიკის, დაგეგმარებისა და გარემოს დაცვის საკითხების სათანადო სტრუქტუირება“, – განაცხადა Greenoak
Group–ის თავმჯდომარემ იან ბონდე ნილსენმა.


2006 წლის მაისში Greenoak Group–მა 49 წლის მართვის უფლებით ბათუმის საზღვაო პორტი 92 მილიონ აშშ დოლარად შეიძინა.


სექტემბერში კომპანიამ, რომელიც ბათუმის ნავთობტერმინალის მფლობელიცაა, ხელი მოაწერა კონტრაქტს ყაზახურ კომპანია “ყაზმუნაიგაზთან” ერთობლივი საწარმოს შექმნის თაობაზე, რომელიც ყაზახური ნედლი ნავთობის ტრანზიტს განახორციელებს.

Greenoak Group–ს ბათუმში ინვესტიციები აქვს განხორციელებული ასევე  მსუბუქი მრეწველობის სფეროში. კომპანია ამჟამად ქობულეთში 80 მგვტ სიმძლავრის ელექტროსადგურს აშენებს.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version