პრეზიდენტმა ავტომანქანებზე ქონების გადასახადის შეჩერება მოითხოვა

დღეს პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ არ მისცემს მთავრობას საშუალებას “მორიგი წვალების იარაღი გამოიგონოს ხალხისთვის“ და ფინანსთა მინისტრს ლექსო ალექსიშვილს დაავალა შეაჩეროს ავტომანქანებზე ქონების გადასახადის გადახდის პროცესი და საგადასახადო კოდექსში შესაბამისი ცვლილებებით შევიდეს პარლამენტში.


კანონმდებლობით, ავტომანქანის მფლობელებს ყოველწლიური ქონების გადასახადი 15 ნოემბრამდე უნდა გადაეხადათ, თუმცა მათი უმრავლესობა საგადასახადო ადმინისტრაციის მიერ ამის შესახებ წინასწარ არ იყო ინფორმირებული, რამაც ბანკებში გადამხდელთა რიგები გააჩინა. ეს საკითხი 15 ნოემბრის ქართულ ტელესივრცეში წამყვან თემად იქცა.


“გადასახადები არის მნიშვნელოვანი, გადასახადზე ცხოვრობს სახელმწიფო, მაგრამ გადასახადები არ უნდა ვაქციოთ ჩვენ წამების იარაღად. მე არ მივცემ მთავრობას საშუალებას , რომ მორიგი წვალების იარაღი გამოიგონოს ხალხისთვის…ეს სრულიად ეწინააღმდეგება ჩვენი ხელისუფლების ფილოსოფიას… ხალხის წვალება გააჩერეთ, კატეგორიულად ვითხოვ ამას.  უფრო გააზრებული ცვლილებებით შედით პარლამენტში“, –  განუცხადა პრეზიდენტმა ფინანსთა მინისტრს დღეს საგანგებოდ გამართულ შეხვედრაზე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version