სააკაშვილი: საქართველო გაზში “პოლიტიკურ ფასს“ არ გადაიხდის

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 14 ნოემბერს განაცხადა, რომ საქართველო არ გადაიხდის 230 აშშ დოლარს 1000 კუბურ მეტრ რუსულ გაზში, როგორც ამას “გაზპრომი“ ითხოვს.


“პირველ რიგში, მინდა ნათლად განვაცხადო, ჩვენ არ გადავიხდით 230 აშშ დოლარს, რადგანაც ეს არ არის კომერციული ფასი; მაშინ როცა ზოგიერთი ჩვენი მეზობელი 65 აშშ დოლარს, ზოგი კი 110 და 130 აშშ დოლარს იხდის“, – იტყობინება “როიტერი“ სააკაშვილის სიტყვებზე დაყრდნობით.

საქართველოს პრეზიდენტმა ეს განცხადება სტრასბურგში ევროპარლამენტში გამოსვლის შემდეგ გამართულ პრესკონფერეციაზე გააკეთა.


“ეს არ არის ტრაგედია და ვფიქრობ, ჩვენ ვიპოვით გზას, რომ თავიდან ავიცილოთ ეს პოლიტიკური ფასი“, – დასძინა მან.


7 ნოემბერს “გაზპრომის“ წარმომადგენელმა ალექსანდრე მედვედევმა განაცხადა, რომ რუსული ენერგოკომპანია შეწყვეტს გაზის მიწოდებას საქართველოსთვის, თუ თბილისი არ მოაწერს ხელს შეთანხმებას გაზის 230 აშშ დოლარად შესყიდვის თაობაზე.


პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო წინ აღუდგება რუსეთის “შანტაჟს“ ენერგომოწოდების დივერსიფიკაციის და გაზის მოხმარების შემცირების გზით.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version