ოქრუაშვილმა პირველი კომენტარი გააკეთა

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა დღეს პირველი კომენტარი გააკეთა მისი ეკონომიკის მინისტრად დანიშვნის თაობაზე და განაცხადა, რომ “ჩემი გული და სული ქართულ ჯარში რჩება”.


ამის შესახებ ოქრუაშვილმა ეკონომიკის სამინისტროში ისაუბრა, სადაც დღეს იგი პრემიერ–მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა თანამშრომლებს მინისტრის რანგში წარუდგინა.


“ამ სამინისტროში ბევრი რამე გაკეთებულია და კიდევ ბევრი ახალი სიახლის დანერგვა მოგვიწევს, თანამშრომლებს მოგმართავთ, რომ მომეხმარეთ იმაში, რომ ჩემი ენერგიის კონცენტრირება მოვახდინო აქ იმიტომ, რომ ჩემი გული და სული რჩება ქართულ ჯარში… ჩემთან მუშაობა ძნელია, მაგრამ საინტერესო“, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა. 

ნოღაიდელმა განაცხადა, რომ 2007 წელი ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისით იქნება “ფუნდამენტალური“ და “ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებას უხელმძღვანელებს ირაკლი ოქრუაშვილი“.


დღესვე  ნოღაიდელმა სოფლის მეურნეობის სამინისტროში ახალი მინისტრი პეტრე ცისკარიშვილი წარადგინა.


10 ნოემბერს მინისტრთა კაბინეტში განხორციელებული ცვლილებების შედეგად თავდაცვის ახალი მინისტრი ფინანსური პოლიციის ყოფილი უფროსი დავით კეზერაშვილი გახდა. 
 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version