ენერგეტიკის მინისტრმა დეპუტატებს ინფორმაცია მიაწოდა

საქართველო ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს აზერბაიჯანთან და თურქეთთან შაჰ-დენიზის უფრო იაფი გაზის შესყიდვის მიზნით. ამის თაობაზე საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ნიკა გილაურმა 10 ნოემბერს პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, თუმცა მოლაპარაკებების დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა.  


გილაურმა რუსეთის მიერ 2007 წლიდან დაგეგმილი გაზის გაძვირების წინ დეპუტატებს ქვეყნის ენერგოსისტემაში არსებული ვითარების შესახებ  ინფორმაცია მიაწოდა. 


ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველომ მოახერხა თავისი ენერგოსისტემის რეაბილიტაცია და მას ახლა საკმარისი სიმძლავრეები გააჩნია ელექტროენერგიის ექსპორტის განსახორციელებლად, მათ შორის თურქეთში 180 მგვტ–ის.  მან ასევე განაცხადა, რომ რუსული ელექტროენერგიის იმპორტი აღარ აღირიცხება საქართველოს ელექტროენერგიის მოხმარების ბალანსში.


თუმცა, პრობლემები კვლავ რჩება გაზის მომარაგების დივერსიფიკაციის კუთხით. რუსულმა ენერგოკომპანია “გაზპრომმა“ განაცხადა, რომ 2007 იანვრიდან ის საქართველოს გაზს 230 აშშ დოლარად მიაწვდის 1000 კუბურ მეტრზე, ნაცვლად 110 აშშ დოლარისა.


გილაურმა განაცხადა, რომ საქართველო გარანტირებულ 250 მილიონ კუბურ მეტრ გაზს მიიღებს შაჰ-დენიზიდან 2007 წელს, “რაც, რა თქმა უნდა, საკმარისი არ არის“.


ამჟამად, აზერბაიჯანთან და თურქეთთან მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესში საქართველო მოითხოვს უფრო იაფი გაზის შეძენას შაჰ-დენიზიდან. თუმცა, გაურკვეველი რჩება, რა არის ამ გაჭიანებული მოლაპარაკებების მიზეზი – გაზის საკმარისი მოცულობის არ არსებობა თუ ფასზე შეუთანხმებლობა.


ენერგეტიკის მინისტრმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მთავრობა არ აპირებს ქვეყნის მაგისტრალური გაზსადენის მიყიდვას “გაზპრომისთვის“.


დეპუტატები მმართველი პარტიიდან მიესალმნენ იმ ღონისძიებებს, რომლებიც ხელისუფლებამ ენერგომომარაგების უზრუნველყოფის მიზნით განახორციელა. თუმცა, ზოგიერთმა პარლამენტარმა ცოტა ხნის წინ ჩეხური კომპანიის Energo-Pro-ს მიერ ენერგოობიექტების პრივატიზაციის შესაძლო უარყოფით შედეგებზეც გააკეთეს განცხადება.


2006 წლის ივნისში საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ Energo-Pro-მ ორი სადისტრიბუციო კომპანიის და ექვსი ჰიდროელექტროსადგურის საპრივატიზაციო ტენდერში გაიმარჯვა და 312,3 მილიონი აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება იკისრა.


თუმცა, ენერგეტიკის მინისტრმა ნიკა გილაურმა დეპუტატებს 10 ნოემბერს განუცხადა, რომ Energo-Pro-სთან მოლაპარაკებები კვლავ მიმდინარეობს. კომპანიამ მხოლოდ 12 მილიონი აშშ დოლარის სადეპოზიტო თანხა გადაიხადა.


“Energo-Pro-სთან მიმართებაში ძალიან ფრთხილები უნდა ვიყოთ. ვინ დგას ამ კომპანიის უკან? ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რადგანაც სავსებით შესაძლებელია, რომ ერთ დღეს Energo-Pro გამოაცხადებს გაკოტრების თაობაზე და თავის აქტივებს რუსულ “რაო ეეს“-ს გადასცემს“, – განაცხადა დეპუტატმა ნაციონალური მოძრაობიდან ლადო პაპავამ პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version