დსთ–დან გამოსვლის შესახებ დადგენილების პროექტი პარლამენტის დღის წესრიგში შევიდა

დღეს პარლამენტის ბიურომ მიმდინარე კვირის დღის წესრიგში შეიტანა დსთ–დან საქართველოს გამოსვლის შესახებ დადგენილების პროექტი, რომელიც ოპოზიციურმა ფრაქციამ დემოკრატიულმა ფრონტმა მოამზადა.


პლენარულ სხდომაზე ამ საკითხს 10 ნოემბერს განიხილავენ, მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა საქართველოს დსთ–დან გამოსვლის საკითხის გადაწყვეტას ამ ეტაპზე მხარს არ უჭერს.


“პარლამენტი მიიღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას რჩება სააკაშვილი და მისი პოლიტიკური უმრავლესობა დსთ–ში თუ ჩვენ მზად ვართ მივიღოთ პოლიტიკური გადაწყვეტილება დსთ–ს დატოვების შესახებ, თუმცა შემიძლია გავაკეთო პროგნოზი, რომ ამ შემთხვევაშიც უმრავლესობის გადაწყვეტილებები და მათი დეკლარაციები ერთმანეთს არ დაემთხვევა“, – განუცხადა დღეს ჟურნალისტებს დემოკრატიული ფრონტის წარმომადგენელმა კახა კუკავამ.


უმრავლესობის ერთ–ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, მაშინ, როცა რუსეთი საქართველოს, როგორც „მაპროვოცირებელის“, წინააღმდეგ პროპაგანდას აწარმოებს, დსთ–დან გამოსვლის ინიცირება ქვეყნისთვის უფრო მეტი ზიანის მომტანი იქნება, ვიდრე პროგრესის.


“დღეს გამწვავება ამ საკითხის და ამ საკითხით კიდევ საბაბის მიცემა, რომ რუსეთი კიდევ უფრო გაბრაზდეს მოლაპარაკებების დროს, მე მგონია, რომ სწორი არ არის“, – აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მაია ნადირაძე.


პარლამენტის ვიცე–სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი კი აღნიშნავს, რომ დსთ–დან გამოსვლა ეკონომიკური თვალსაზრისით იმაზე უარეს მდგომარეობაში ჩააყენებს “ჩვენ თანამოქალაქეებს, ვიდრე დღეს ვართ“ რუსეთის ეკონომიკური ბლოკადის გამო.


“თუ ჩვენ დღესვე დავტოვებთ დსთ–ს, უკრაინიდან შემოსული პროდუქცია გაძვირდება 12%–ით“, – აცხადებს მაჭავარიანი.

პრეზიდენტ სააკაშვილის მითითებით 10 მაისს პრემიერ–მინისტრ ზურაბ ნოღაიდელის ხელმძღვანელობით შეიქმნა კომისია, რომელსაც “მაქსიმუმ ორ თვეში” უნდა შეესწავლა დსთ–დან საქართველოს გამოსვლის შესაძლო შედეგები. თუმცა კომისია დღესაც აგრძელებს მუშაობას და საბოლოო დასკვნები ჯერ–ჯერობით უცნობია.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version