ნოღაიდელი: “გაზპრომის“ ფასზე პასუხი ალტერნატიული გაზი და ახალი ჰესების მშენებლობა უნდა იყოს

დღეს პრემიერ–მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა ენერგეტიკული საბჭოს სხდომაზე გაზის ფასის გაორმაგების თაობაზე “გაზპრომის“ განზრახვის საპასუხოდ განაცხადა, ხელისუფლებამ უნდა გაააქტიუროს აზერბაიჯანთან, თურქეთთან და ირანთან მოლაპარაკებები ალტერნატიული ენერგომომარაგების თაობაზე და დაიწყოს ახალი ჰესების მშენებლობა.


დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ “გაზპრომი“ მომავალი წლიდან საქართველოს 1000 კუბურ მეტრ ბუნებრივი აირის საფასურს 110 აშშ დოლარიდან 230 აშშ დოლარამდე გაუზრდის.


“ეს ფასი საბოლოოდ დადგენილი არ არის და დადგინდება მხოლოდ მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ“, – განაცხადა ზურაბ ნოღაიდელმა.


მისი თქმით, გაზგამანაწილებელმა კომპანიებმა [“იტერამ“ და “ყაზტრანსგაზ–თბილისმა“] გაზის ფასის შესაძლო გაზრდის შესახებ ინფორმაცია უკვე მიიღეს და აწარმოებენ “გაზპრომთან“ მოლაპარაკებებს, თუმცა “იმავდროულად ისიც ნათელია, რომ აქ საქმე უფრო პოლიტიკურ მოლაპარაკებებთან გვაქვს, ვიდრე სამეურნეო–ეკონომიკურ მოლაპარაკებებთან“.


პრემიერ–მინისტრმა ენერგეტიკის სამინიტროსა და გაზის ტრანსპორტირების კომპანიას დაავალა ხელი შეუწყონ გაზგამანაწილებელ კომპანიებს ამ მოლაპარაკებებში, “იმისათვის, რომ მაქსიმალურად მისაღები ფასი მივიღოთ ჩვენ საბოლოოდ ამ კომპანიებისათვის და საბოლოო ჯამში, მომხმარებლისთვის“.


“საზოგადოება ღელავს “გაზპრომის“ მიერ გამოცხადებული სიურპრიზების შემდეგ, თუმცა ეს ჩვენთვის სიურპრიზი არ ყოფილა, ჩვენ ველოდებოდით [“გაზპრომისგან”] ასეთი კუთხით საუბრებს“, – განაცხადა ზურაბ ნოღაიდელმა.


ძვირი რუსული გაზის პერსპექტივის ფონზე პრემიერ–მინისტრმა აღნიშნა, რომ მთავრობის მთავარი ამოცანაა გააგრძელოს და “ძალიან მალე“ დაასრულოს მოლაპარაკებები აზერბაიჯანთან, თურქეთთან და ირანთან ალტერნატიული გაზის მოწოდების თაობაზე.


“ჩვენ ამ ამოცანის მაქსიმალურად წარმატებით შესრულება უნდა შევძლოთ“, – დასძინა მან.


პრემიერ–მინისტრის განცხადებით, მეორე ძირითადი პრიორიტეტია ჰიდროელექტროსადგურების აშენება, რათა “სულ უფრო ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებული იმპორტირებულ გაზსა და ელექტროენერგიაზე“.


ზურაბ ნოღაიდელის განცხადებით, დღეს მიღებული იქნება გადაწყვეტილება ფარავანის და გუდაურის ახალი ჰესების მშენებლობის თაობაზე, რაზეც დავალება მთავრობამ, ნოღაიდელის განცხადებით, პრეზიდენტისაგან ამ წლის დასაწყისში მიიღო. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version