ბეჟუაშვილი: მოსკოვის შეხვედრას კონკრეტული შედეგი არ მოყვა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა თავის რუს კოლეგასთან სერგეი ლავროვთან და რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანთან იგორ ივანოვთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ იგი რაიმე კონკრეტულ შედეგებს არც ელოდა ამ შეხვედრიდან.


„კონკრეტულ შედეგებს მე არც ველოდებოდი ამ შეხვედრიდამ. მთავარი რაც მოხდა – დიალოგი გრძელდება“, – განაცხადა ბეჟუაშვილმა 2 ნოემბერს.


მისი თქმით, დიალოგი უმაღლეს დონეზე გაგრძელდება, როდესაც პრეზიდენტი სააკაშვილი მინსკში თავის რუს კოლეგას ვლადიმერ პუტინს შეხვდება დსთ-ს სამიტის ჩარჩოებში.


„ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ის კონტაქტი, რომელიც მოხდება ორ პრეზიდენტს შორის მინსკში იყოს მაქსიმალურად შედეგიანი, რათა ორ პრეზიდენტს შეეძლოს ერთმანეთს უთხრას ის, რაც უნდა უთხრან“, – განაცხადა ბეჟუაშვილმა.


მისი თქმით, მოსკოვში ვიზიტის დროს ქართულმა მხარემ ნათლად მიანიშნა, რომ თბილისი დაჟინებით მოითხოვს „ორმხრივ გზას“ მოლაპარაკებების პროცესში. 


„რუსეთის მხარემ გაიგო ჩვენი პოზიცია, ჩვენც ყოველ შემთხვევისთვის მოვისმინეთ ის, რაც ეცადეს, რომ ჩვენ გაგვაგებინონ, ამიტომ ჩვენ გავაგრძელებთ ამ მუშაობას“, – განაცხადა ბეჟუაშვილმა.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version