ოპოზიცია ნოღაიდელთან შეხვედრით უკმაყოფილოა

პარლამენტში ფრაქციის ლიდერებისა და პრემიერ–მინისტრის დახურული შეხვედრიდან გამოსულმა ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ დასმულ კითხვებზე, რომელიც ძირითადად რუსეთ–საქართველოს გართულებული ურთიერთობების ეკონომიკურ შედეგებს ეხებოდა, ზურაბ ნოღაიდელისაგან პასუხები ვერ მიიღეს.


ახალი მემარჯვენეების ლიდერის დავით გამყრელიძის განცხადებით, მთავრობა შექმნილ სიტუაციაში “არაადეკვატურია“ და მისი დამოკიდებულება პარლამენტარების მიმართ არის “მიუღებელი“.


“ჩვენ მივიღეთ თავხედური პასუხები იმავე გაზის საფასურთან დაკავშირებით, იმასთან დაკავშირებით თუ რამდენად იყიდა საქართველომ ირანისგან  შარშან გაზი, რომელიც დღესაც საიდუმლოა; და ასევე ირკვევა, რომ ჯერ–ჯერობით ყველაფერი ისევ ბუნდოვანია გაზმომარაგებასთან დაკავშირებით და ენერგეტიკულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებით“, – განუცხადა ჟურნალისტებს გამყრელიძემ.


მისი თქმით, „მთავრობაში ასევე არ ჩანს ხედვა, თუ როგორ უნდა მოხდეს [რუსეთიდან] დეპორტირებულთა პრობლემების მოგვარება“. 


“არ მაინტერესებს მათი [ოპოზიციის] უკმაყოფილება“, – განაცხადა ზურაბ ნოღაიდელმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.


“საქართველოს ეკონომიკა გაიზრდება 10%–ით და ყველა პრობლემა იქნება მოგვარებული“, – აღნიშნა მან.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version