ანთაძემ ჩოჩიევს საქართველოს პრეზიდენტის წინადადება გააცნო

თბილისის ინიციატივის საპასუხოდ – ბაკურიანში გაიმართოს პრეზიდენტ სააკაშვილისა და სამხრეთ ოსეთის ლიდერის ედუარდ კოკოითის შეხვედრა, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობის თავმჯდომარის  მოადგილემ ბორის ჩოჩიევმა განაცხადა, რომ შეხვედრის საქართველოს ტერიტორიაზე გამართვა გამორიცხულია.


დღეს კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრი მერაბ ანთაძე ცხინვალს ესტუმრა და სააკაშვილისა და კოკოითის შეხვედრის შესახებ ქართული მხარის წინადადება ბორის ჩოჩიევს გააცნო.


ეს ახალი ინიციტივა პრემიერ–მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა 27 ოქტომბერს ვენაში ეუთოს მუდმივმოქმედ საბჭოზე გამოსვლისას გაახმოვანა.


“თუ ქართულ მხარეს არ სურს ამ მნიშვნელოვანი პოლიტიკური ღონისძიების ფარსად და მორიგ PR-აქციად გადაქცევა, მაშინ საჭიროა ამ შეხვედრის ძირეულად შეთანხმება“, – იტყობინება სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი  ჩოჩიევის სიტყვებზე დაყრდნობით.


მისი თქმით, საჭიროა წინასაწრი საკონსულტაციო შეხვედრების ჩატარება, რათა განისაზღვროს შეხვედრის ადგილი, ფორმატი და დღის წესრიგი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version