რუსეთი კოდორის ინციდენტს საეჭვოდ მიიჩნევს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ  26 ოქტომბერს განაცხადა, რომ ქართული მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ზემო კოდორის ხეობაში მომხდარი ინციდენტის შესახებ “დამოუკიდებელი წყაროების მიერ“ არ დასტურდება.


“კონფლიქტის ზონაში განლაგებული დსთ-ს სამშვიდობო ძალების ინფორმაციით, 25 ოქტომბერს სროლები არ დაფიქსირებულა. საბოლოო დასკვნას საქართველოში გაეროს დამკვირვებელთა მისია წარმოადგენს“, – იტყობინება რუსეთის საგარეო უწყება საინფორმაციო შეტყობინებაში.


“ერთი რამ ნათელია. ოფიციალური თბილისის მიერ ამ ახალი კონფრონტაციული რიტორიკის გაღვივება ადასტურებს იმ კურსის უცვლელობას, რომელიც კოდორში ქართული საჯარისო შენაერთების განლაგებაში გამოიხატა. მოვლენათა უკანასკნელი განვითარება ადასტურებს რუსული მხარის გაფრთხილებების საფუძვლიანობას კონფლიქტის ძალისმიერი მოგვარების იმ საშიში კურსის თაობაზე, რომელიც საქართველოს ხელმძღვანელობამ აირჩია“, – აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.


ოფიციალურმა თბილისმა აფხაზური მხარე დაადანაშაულა 25 ოქტომბერს “გრადის“ ტიპის ჭურვების სოფელ ზემო აჟარას მიმართულებით გასროლაში. თუმცა, სოხუმმა ეს ბრალდებები უარყო.


გაეროს დამკვირვებელთა მისიამ 25 ოქტომბერს განაცხადა, რომ კოდორში მომხდარ ინციდენტს გამოიძიებს.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version