ირანი და საქართველო ელექტროენერგიის გაცვლის შესახებ შეთანხმდნენ

ირანულმა და ქართულმა მხარეებმა თეირანში 23 ოქტომბერს სომხეთის გავლით ელექტროენერგიის გაცვლის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო “ირნა“.


ირანის ენერგეტიკის მინისტრმა ფარვიზ ფატაჰმა თეირანში თავის ქართველ კოლეგასთან ნიკა გილაურთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ შეთანხმების თანახმად, ირანი ნოემბრის ბოლოდან 50 მგვტ ელექტროენერგიას მიაწვდის საქართველოს სომხეთის გავლით. 


მან ასევე აღნიშნა, რომ ელექტროენერგიის რაოდენობა თანდათან 300 მგვტ–მდე გაიზრდება და დასძინა, რომ რაც უფრო მეტ ელექტროენერგიას მიიღებს ირანი საქართველოდან წლის პირველ ნახევარში, მით უფრო მეტ ელექტროენერგიას მიაწვდის ის საქართველოს წლის მეორე ნახევარში.


ირანელმა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ირანს შეუძლია ელექტროენერგია რუსეთს მიაწოდოს საქართველოს გავლით. მისი თქმით, მხარეები რუსეთსაც მოიწვევენ სამი თვის შემდეგ დაგეგმილ შეხვედრაზე და მას ამ ქსელში ჩართვას შესთავაზებენ.


საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი ნიკა გილაური მიესალმა შეთანხმებას ელექტროენერგიის გაცვლის თაობაზე ორ მეზობელ ქვეყანას შორის და იმედი გამოთქვა, რომ მოწოდებული რაოდენობა მალე 300 მგვტ–მდე გაიზრდება.


ირანული გაზის საქართველოსთვის შესაძლო მოწოდებაზე საუბრისას ირანის ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები არ თემაზე ჯერ არ დასრულებულა. მისი თქმით, ირანის ნავთობისა და ენერგეტიკის სამინისტროები ამ პროგრამას ერთობლივად განიხილავენ, იტყობინება “ირნა“.    

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version