სააკაშვილი ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების ინიციატივით გამოდის

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ იგი 20 ოქტომბერს პარლამენტს წარუდგენს ინიციატივას საპრეზიდენტო არჩევნების 2008 წელს – დადგენილზე დაახლოებით რვა თვით ადრე – ჩატარების თაობაზე.


მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნები 2008 წელს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებთან ერთად გაიმართება.


“არ არის საჭირო არჩევნების წელიწადში ერთხელ გამართვა და ამდენი დროის და ენერგიის დახარჯვა არჩევნებზე..მინდა, რომ [საპარლამენტო და საპრეზიდენტო] არჩევნები ერთდროულად გაიმართოს“, – განაცხადა სააკაშვილმა, თუმცა ამ ინიციატივის მიზეზი არ დაუსახელებია.


სააკაშვილმა აღნიშნა, რომ მან უკვე გამართა კონსულტაციები პარლამენტის თავმჯდომარესთან ნინო ბურჯანაძესთან შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე.


საპრეზიდენტო არჩევნები 2009 წლის აპრილისთვის უწევს.


ინიციატივა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების თაობაზე სააკაშვილის საპრეზიდენტო ვადას დაახლოებით რვა თვით შეამცირებს, თუმცა მან ხაზი გაუსვა, რომ ეს იქნება ერთჯერადი გადაწყვეტილება, რაც არ შეეხება შემდგომ საპრეზიდენტო ვადას.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version