რუსი დეპუტატები აფხაზეთის პარლამენტის მიმართვაზე კომენტარს აკეთებენ

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ კონსტანტინე კოსაჩევმა მოუწოდა დეპუტატებს თავი შეიკავონ ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღებისგან რუსეთის ხელმძღვანელობისადმი აფხაზეთის პარლამენტის მიმართვასთან დაკავშირებით, რომელშიც დე ფაქტო პარლამენტი თვითგამოცხადებული რეგიონის აღიარებისკენ მოუწოდებს.


აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა 18 ოქტომბერს მოუწოდა რუსეთის პრეზიდენტს, ასევე რუსეთის ფედერაციის საბჭოს და სახელმწიფო სათათბიროს “ლეგიტიმურად ცნონ აფხაზეთის დე ფაქტო დამოუკიდებლობა”.


“[აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის მიმართვა] ზედმიწევნით უნდა შეისწავლონ [სახელმწიფო სათათბიროს] კომიტეტებმა და ფრაქციებმა… თუმცა, რუსეთმა არ უნდა გადადგას ნაჩქარევი და ცალმხრივი ნაბიჯები ამ კუთხით… აფხაზეთის სტატუსი სახელმწიფო სათათბიროს უფლებამოსილებაში არ შედის, ის უფრო რუსეთის პრეზიდენტის კომპეტენციაა“, – იტყობინება “ინტერფაქსი“ კოსაჩევის სიტყვებზე დაყრდნობით.


სახელმწიფო სათათბიროს ვიცე-სპიკერმა სერგეი ბაბურინმა თვითგამოცხადებულ რეგიონებთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებისკენ მოუწოდა, განსაკუთრებით დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ჩატარების შემდეგ, რომელსაც ცხინვალი 12 ნოემბერს გეგმავს.


“კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ ჯაჭვური რეაქცია იქნება, თუმცა არ არის საჭირო კოსოვოს დამოუკიდებლობის ლოდინი და ჩვენ ახლავე უნდა დავამყაროთ დიპლომატიური ურთიერთობები აფხაზეთთან, სამხრეთ ოსეთთან და დნესტრისპირეთთან“, – იტყობინება “ინტერფაქსი“ ბაბურინის სიტყვებზე დაყრდნობით. 


ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარემ, დეპუტატმა ვლადიმერ ჟირინოვსკიმ განაცხადა, რომ სახელმწიფო სათათბირომ უნდა სთხოვოს აღმასრულებელ ხელისუფლებას აღიაროს აფხაზეთის დამოუკიდებლობა, თუმცა დასძინა, რომ ეს საკითხი დამოკიდებული იქნება რუსეთის ხელმძღვანელობის პოლიტიკურ ნებაზე.


რუსეთის ფედერაციის საბჭოს ვიცე-სპიკერმა ალექსანდრე ტორშინმა განაცხადა, რომ ფედერაციის საბჭო აპირებს “სერიოზულად მიუდგეს აფხაზეთის პარლამენტის მიმართვის განხილვას“.  


ამავდროულად, აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა 18 ოქტომბერს განუცხადა დე ფაქტო პარლამენტს, რომ რუსეთი აფხაზეთის უსაფრთხოების ერთადერთი გარანტორია და ეს უკანასკნელი “ვერასოდეს ვერ შეძლებს საქართველოსთან ერთიან სამართლებრივ სივრცეში თანაარსებობას“.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version