დანიელ ფრიდი ოპოზიციის მოსაზრებებს გაეცნო

რუსეთ–საქართველოს გამწვავებული ურთიერთობები, გაეროს რეზოლუცია აფხაზეთის შესახებ, დემოკრატიის მხრივ საქართველოში არსებული ვითარება, მათ შორის ადგილობრივი არჩევნების თემები იყო ძირითადი სასაუბრო ოპოზიციის ლიდერების და აშშ–ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის დანიელ ფრიდის დღეს გამართულ შეხვედრაზე.


შეხვედრას, რომელიც აშშ–ს საელჩოში შედგა, ოპოზიციის მხრიდან ესწრებოდნენ რესპუბლიკელების, ახალი მემარჯვენეების, საქართველოს გზისა და მრეწველების ლიდერები. შეხვედრას არ დასწრებია კონსერვატორთა ლიდერი კობა დავითაშვილი. ლეიბორისტი შალვა ნათელაშვილი კი გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე არ მიიწვიეს.


ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ “გავლენიან“ დანიელ ფრიდთან შეხვედრაზე იგრძნობოდა, რომ იგი განწყობილი იყო ოპოზიციის მოსასმენად.


“მან მკაფიოდ განაცხადა, რომ ამერიკა არ არის სააკაშვილისა და “ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი, ის არის ქართველი ხალხის და საქართველოს მხარდამჭერი“, – განაცხადა დავით გამყრელიძემ.


მრეწველთა ლიდერის გოგი თოფაძის განცხადებით, შეხვედრაზე ისაუბრეს ბოლო დროს საქართველო–რუსეთს შორის გამწვავებულ ურთიერთობებზე.


“ისინი [აშშ] მხარდაჭერას გვიცხადებენ რუსეთთან დაძაბულ ურთიერთობებში, მაგრამ ისიც ვუთხარი, რომ არავის არ უნდა რუსეთთან ურთიერთობის გართულება [საქართველოს გამო]“, – განუცხადა შეხვედრიდან გამოსულმა გოგი თოფაძემ ჟურნალისტებს.


საქართველოს გზის ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მან ძირითადი ყურადღება 5 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებულ “არადემოკრატიულ“ არჩევნებზე გაამახვილა.


“შეიძლება არჩევნების დღე იყო საკმარისად ნორმალური, მაგრამ მთლიანობაში წინასაარჩევნო [პერიოდი]და შედეგები ამ არჩევნების იყო და არის ძალიან არადემოკრატიული“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, მან შეხვედრაზე სასამართლო ხელისუფლებაში არსებული მდგომარეობის თემა წამოწია.


“ყურადღება გამახვილდა იმაზე, რომ ქვეყანაში არ შეიქმნა სისტემა, რომელიც მიცემდა საშუალებას ბიზნესსაც, პოლიტიკოსსაც და ჩვეულებრივ მოქალაქესაც ყოფილიყო იმ იმედით, რომ არის მიუკერძოებელი და ობიექტური სასამართლო, რომელიც ყველა დავას განსჯის“, – განაცხადა უსუფაშვილმა.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version