სააკაშვილი რუსეთში მცხოვრებ თანამემამულეებს სამშობლოში დაბრუნებისკენ მოუწოდებს

საქართველოს პრეზიდენტმა 13 ოქტომბერს რუსეთში მცხოვრებ ყველა მოქალაქეს, ვისაც საქართველოსთან “ემოციური, სამართლებრივი და სისხლით კავშირი“ აქვს და დღეს რუსეთში ეთნიკური ნიშნით იდევნება, საქართველოში დაბრუნებისაკენ მოუწოდა, რათა “ერთად ვაშენოთ და კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყანა“. 


“თქვენ აქ მთელი საზოგადოება გელოდებათ, ეს შეეხება არა მარტო ეთნიკურ ქართველებს, არამედ – ყველას, ვინც ამ ქვეყანაში დაიბადა, გაიზარდა და ცხოვრობდა; ვისაც ჰქონდა ან აქვს საქართველოს მოქალაქეობა“, – განაცხადა პრეზიდენტმა.


მან მადლიერება გამოხატა იმის გამო, რომ მიუხედავად რთული მდგომარეობისა, რუსეთში მყოფმა “პრაქტიკულად, ყველა ადამიანმა საკუთარი ქვეყნის პოზიცია გამოხატა“.


“ჩვენ ბევრს მივაღწიეთ საქართველოს გასამთლიანებლად, ვემზადებით აფხაზეთში დასაბრუნებლად და ქართველებისგან დაცლილი, საქართველოს ამ უმშვენიერესი კუთხის ასაღონძინებლად და ფეხზე დასაყენებლად უამრავი ჩვენი თანამოქალაქე იქაც დაგვჭირდება“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


პრეზიდენტის განცხადებით, მან უკვე დაავალა საგარეო საქმეთა სამინისტროს, საელჩოებსა და საკონსულოებს, რათა “მაქსიმალურად“ გამარტივდეს წესები საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად და ამავდროულად მსურველებს რუსეთის მოქალაქეობაც შეუნარჩუნდეთ.


“თქვენ გაქვთ საქართველოს პრეზიდენტის სიტყვა: ყველა, ვისაც საკუთარ ქვეყანასთან ემოციური, სამართლებრივი და სისხლით კავშირი აქვს, საქართველოს მოქალაქეობას და ყველა სამოქალაქო უფლებას, ყოველგვარი დაბრკოლებებისა და ბიუროკრატიული პრობლემების გარეშე აღიდგენს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.


მან ასევე მიმართა საქართველოში მცხოვრებ რუსებს და საქართველოში დარჩენა შესთავაზა.


“საქართველოში მცხოვრებ ყველა რუსს, მათ შორის, ჩვენს ქვეყანაში მოქმედი რუსული ბაზების ოფიცერთა ოჯახებს ვთავაზობთ საქართველოში დარჩენას, როგორც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, ჩვენი ქვეყნის მცხოვრებლები და ჩვენი ქვეყნის მომავლის ერთობლივად შემქმნელები“, – განაცხადა პრეზიდენტმა. 


პრეზიდენტმა ასევე საგანგებოდ მოუწოდა რუსეთში მოღვაწე ქართველ ბიზნესმენებს გადმოიტანონ თავიანთი საქმიანობა საქართველოში.


“თქვენ ნახეთ, თუ რა პრობლემები შეგექმნათ რუსეთში. საქართველო არის ქვეყანა, სადაც ბიზნესის კეთება თავისუფალია. ცუდ სიზმრად მოგეჩვენებათ ის კორუფცია, რომელსაც თქვენ იქ აწყდებით, სადაც ოპერირებთ. ჩვენთან ადმინისტრაციული წნეხი, პრაქტიკულად, არ არსებობს. აქ გადასახადები ბევრად უფრო დაბალია. დაბოლოს, თქვენი ბიზნესის აქ გადმოტანით გააძლიერებთ იმ ქვეყანას, რომლის კუთვნილებისათვისაც დღეს ასე გსჯიან“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ბიზნესმენების მისამართით.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version