გაეროს დამკვირვებელთა მისია კოდორის მონიტორინგზე საუბრობს

12 ოქტომბერს ზემო კოდორის ხეობაში გაეროს დამკვირვებლების და რუსი  სამშვიდობოების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ ხეობაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 550 წარმომადგენელი იმყოფება.


საპოლიციო ძალების არსებობა ზემო კოდორის ხეობაში არ წარმოადგენს მოსკოვის 1994 წლის შეთანხმების დარღვევას. შეთანხმება კრძალავს სამხედრო შენაერთების განთავსებას ხეობაში.  


საქართველოში გაეროს დამკვირვებელთა მისიამ  13 ოქტომბერს განაცხადა, რომ მონიტორინგის მონაწილეებმა ხეობაში ასევე აღმოაჩინეს ნაღმტყორცნები და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები, რომელიც ქართული მხარის ინფორმაციით, ივლისის ბოლოს ხეობაში განხორციელებული სპეცოპერაციის შედეგად იქნა ამოღებული.    


გაეროს დამკვირვებელთა მისიამ ასევე განაცხადა, რომ ერთობლივი მონიტორინგი განხორციელდა “ზემო კოდორის ხეობის დიდ ნაწილში, თუმცა არა მთლიან ტერიტორიაზე“.


“ქვემო კოდორის ხეობის ერთობლივი მონიტორინგი გაეროს დამკვირვებლების და რუსი სამშვიდობოების მიერ 11 ოქტომბერს განხორციელდა“, – აცხადებს გაეროს დამკვირვებელთა მისია.


“თუ მონიტორინგის პროცესი გაგრძელდება, სამშვიდობო მოლაპარაკებები ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის, რომელიც ამჟამად შეწყვეტილია, აღდგება“, – განაცხადა რუსეთის სამშვიდობო ძალების მეთაურმა სერგეი ჩაბანმა 13 ოქტომბერს ჭუბურხინჯის ოთხმხრივ შეხვედრაზე.


თავდაპირველად საქართველო რუსი სამშვიდობოების მონიტორინგში მონაწილეობის წინააღმდეგი იყო, თუმცა მოგვიანებით პოზიცია შეიცვალა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version