პარლამენტში 2007 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაიწყო

ბიუჯეტის პროექტის თანახმად, 2007 წელს სახელმწიფო შემოსავლები 3,4 მლრდ ლარს, ხოლო ხარჯები 3,8 მლრდ ლარს შეადგენს, დეფიციტის დაფინანსება კი 426,1 მლნ ლარია.


მიმდინარე წლის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი 3,5 მლრდ ლარს, ხოლო ხარჯვითი ნაწილი 3,8 მლრდ ლარს შეადგენს.


პარლამენტის კომიტეტებმა უკვე დაიწყეს 2007 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა, რომელიც მთავრობამ 1 ოქტომბერს წარადგინა.


ბიუჯეტის პროექტის მიხედვით,  შემოსავლებში  140.3 მლნ ლარი გრანტებზე მოდის.  პრივატიზაციიდან შემოსავლების სახით კი 100 მლნ ლარი იგეგმება.


2007 წლისათვის მთლიანი შიდა პროდუქტი 7.5%–ით გაიზრდება და 16 მლრდ ლარს მიაღწევს. ლარის საშუალო გაცვლითმა კურსმა კი ერთ აშშ დოლართან მიმართებაში 1.75 ლარი უნდა შეადგინოს. ბიუჯეტის კანონის პროექტში არაფერი წერია ინფლაციის პროგნოზულ მაჩვენებელზე, თუმცა აღნიშნულია, რომ 2007 წელს სამომხმარებლო ფასების ზრდა 6%–ით არის მოსალოდნელი.


მომავალი წლის ბიუჯეტის ხარჯვით პრიორიტეტებად კვლავ რჩება თავდაცვისა და სოციალური სფეროები.


თავდაცვის სამინისტროზე გათვალისწინებულია 392,5 მლნ ლარი, რაც ნაკლებია 2006 წლის მაჩვენებელზე  – 605 მლნ ლარზე.  თავდაცვის ბიუჯეტი მოხმარდება ჯარში სოციალური პირობების გაუმჯობესებას, შეიარაღებული ძალების ქმედითუნარიანობის ამაღლებას, შეიარაღებისა და ტექნიკის მოდერნიზაცია–შეკეთებას და სამხედრო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, რაც უზრუნველყოფს ნატოს სტანდარტებთან თავსებადობას.  აღსანიშნავია, რომ ბიუჯეტის პროექტი თავდაცვის სამინისტროს ნაწილში ყველაზე გაუმჭვირვალედ არის წარმოდგენილი.


საგრძნობლად იზრდება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსება  – 999,7 მლნ ლარი (2006 წელს–  775,4 მლნ ლარი), ენერგეტიკის სამინისტროს ხარჯები კი მნიშვნელოვნად მცირდება და შეადგენს 111, 6 მლნ ლარს (2006 წელი 275,4 მლნ ლარი).


დანარჩენ სამინისტროებზე საბიუჯეტო თანხები 2007 წელს ასე გადანაწილდება:


ფინანსთა სამინისტრო  – 751,5 მლნ ლარი; ეკონომიკის განვითარების სამინისტრო – 456,8 მლნ ლარი; იუსტიციის სამინისტრო – 92, 2 მლნ ლარი; საგარეო საქმეთა სამინისტრო – 59, 9 მლნ ლარი; შინაგან საქმეთა სამინისტრო – 245,7 მლნ ლარი; განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო – 396,8 მლნ ლარი; კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო –57 მლნ ლარი; ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო – 50 მლნ ლარი; სოფლის მეურნეობის სამინისტრო – 43,6 მლნ ლარი; გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო – 31,4 მლნ ლარი;  კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი – 470 ათასი ლარი;   ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი – 968 ათასი ლარი;   რეფორმების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი – 440 ათასი ლარი; სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი – 200 ათასი ლარი.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version