ლავროვი: რუსეთი “ქართველ ხალხთან“ სამეგობროდ მზად არის

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 4 ოქტომბერს განაცხადა, რომ მოსკოვი მზად არის “ქართველ ხალხთან“ სამეგობროდ, იტყობინებიან რუსული საინფორმაციო სააგენტოები. მან ასევე მიანიშნა, რომ საქართველოს ხელმძღვანელობის ანტირუსული პოზიცია სააკაშვილის ადმინისტრაციის უცხოური “მფარველობით“ არის გამყარებული.


“რუსეთი მზად არის ქართველ ხალხთან ისეთი ურთიერთობის დასამყარებლად, როგორსაც ის იმსახურებს… ჩვენ გულწრფელად დაინტერესებული ვართ ქართველ ხალხთან მეგობრულ ურთიერთობებში. ჩვენს ქართველ მეგობრებთან თანამშრომლური და მეგობრული ურთიერთობები გვინდა“, – განაცხადა ლავროვმა სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე გამოსვლისას.


მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთი “არ წამოეგება სააკაშვილის რეჟიმის პროვოკაციებზე“.


“სამწუხაროდ, ის რეჟიმი, რომელიც საქართველოში ძალაუფლებაში მოვიდა – და სხვათაშორის, ამ მახსოვს, რომ საპარლამენტო ასამბლეას განეხილოს საკითხი, თუ როგორ მოვიდა არსებული რეჟიმი ხელისუფლებაში, რომელიც მაინცდამაინც კონსტიტუციური გზით არ მომხდარა – ამ რეჟიმს აშკარად მფარველობენ. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ფაქტმა [თბილისის ანტირუსული პოზიციის მხარდაჭერამ] უბიძგა ამ რეჟიმს ყოველგვარ საზღვრებს გასცდეს“, – განაცხადა ლავროვმა. 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version