ლავროვი საქართველოსთან ურთიერთობებზე საუბრობს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთი ჯერ–ჯერობით არ აპირებს საქართველოსთან სატრანსპორტო კავშირის აღდგენას, იტყობინებიან რუსული სააგენტოები.


“არ შეიძლება იკვებებოდე რუსეთიდან და ლანძღავდე მას. საქართველოს ხელისუფლებამ ეს უნდა გაიგოს“, – განაცხადა ლავროვმა.


მისი თქმით, რუსეთი ყველაფერს გააკეთებს, რომ სანქციებმა საზღვაო, საჰაერო, სახმელეთო, სარკინიგზო და საფოსტო კავშირის გაწყვეტასთან და ასევე საბანკო გადარიცხვების შესაძლო აკრძალვასთან დაკავშირებით, “კანომორჩილი მოქალაქეები არ დააზარალოს“.


“მაგრამ ჩვენ ვერ შევეგუებით იმას, რომ არაკანონიერმა ფულადმა ნაკადებმა კვებონ რეჟიმი, რომელიც თავისი მოქალაქეების საჭიროებებზე სპეკულირებით, იარაღდება საკუთარი მიზნების მისაღწევად, რომელსაც არაფერი საერთო არ აქვს ქართველი ხალხის ინტერესებთან“, – განაცხადა ლავროვმა.


მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების ქმედებები “თანმიმდევრულად ანტირუსულია“.


ლავროვის განცხადებით, საჭირო არ არის მესამე ქვეყნების ჩართვა ქართულ–რუსულ დაძაბულ ურთიერთობებში განმუხტვის მიზნით.


“მესამე ქვეყნები უკვე ჩაერიენ რუსულ–ქართულ ურთიერთობებში, მაგრამ ამან მხოლოდ ზიანი მოიტანა“, – განაცხადა მან.


რუსეთის პირველმა დიპლომატმა ასევე ნათლად მიანიშნა კავშირზე ბოლო პერიოდში რუსეთსა და საქართველოს ურთიერთობებში განვითარებულ ინციდენტებს, მათ შორის ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი რუსი ოფიცრების დაკავებასა და სააკაშვილის ამერიკაში ვიზიტს შორის.


“უკანასკნელი გამოხტომა 4 რუსი ოფიცრის დაპატიმრებაზე იყო ზუსტად საქართველოსთან ინტენსიური დიალოგის დაწყების შესახებ ნატოს გადაწყვეტილების შემდეგ და სხვათა შორის, ვაშინგტონში მიხეილ ნიკოლაევიჩის [სააკაშვილის] ვიზიტის შემდეგ მაშინვე მოხდა“, – განაცხადა ლავროვმა. 


მან ასევე მოუწოდა საქართველოს, რომ რუსეთში მტერი არ დაინახოს.


“ამ ურთიერთობების დალაგება შეიძლება ერთ მარტივ საფუძველზე: ილაპარაკო სიმართლე, იმოქმედო სამართლიანად, არ ეძებო ერთმანეთში მტერი და შეასრულო ის, რასაც პირდები და ის, რაზეც ხელს აწერ“, – განაცხადა სეგეი ლავროვმა. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version