საქართველო რუსეთის შესაძლო საბანკო სანქციებზე ზომებს იღებს

საქართველოს ეროვნულ ბანკში (სებ) 2 ოქტომბერს მუშაობა დაიწყო დროებითმა სამუშაო ჯგუფმა, რომელიც შეიმუშავებს ღონისძიებათა გეგმას რუსეთიდან საქართველოში საბანკო გადარიცხვებისა და ელექტრონული ფულადი გზავნილების შესაძლო შეზღუდვების გავლენისა და შესაძლო ზარალის თავიდან ასაცილებლად. 


2 ოქტომბერს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარემ ბორის გრიზლოვმა განაცხადა, რომ შემუშავდება კანონპროექტი, რომელიც უფლებას მისცემს მთავრობას რუსეთიდან საქართველოში ფულადი გადარიცხვები აკრძალოს.


სებ–ის ცნობით, საბანკო სისტემა მის ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს გამოიყენებს, რათა არ შეფერხდეს საქართველო-რუსეთს შორის საბანკო ანგარიშსწორება.


ამავდროულად, სებ–ი აღნიშნავს, რომ სანქციების და განსაკუთრებით ფულადი გზავნილების საერთაშორისო სისტემების მეშვეობით გადარიცხვების შეზღუდვის დაწესების შემთხვევაში, პრაქტკული ზარალი მიადგება რუსეთს და მისი საფინანსო სისტემის რეპუტაციას.

“ქართველები, მრავალი მილიონი ადამიანის მსგავსად, რომლებიც რუსეთში სამუშაოს საძებნელად არიან წასულნი, უზარმაზარ სიმდიდრეს ქმნიან, პირველ რიგში, რუსეთისათვის და ხელს უწყობენ ამ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას“, – განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ.
 
სებ–ის მონაცემებით, 2006 წლის დასაწყისიდან რვა თვის განმავლობაში საქართველოში უცხოური არხებით შემოსული თანხებიდან ყველაზე მეტი, დაახლოებით, 219 მლნ აშშ დოლარი (67.5%) რუსეთის ფედერაციიდან გადმოირიცხა.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version