საქართველო ენერგომოწოდების დივერსიფიცირებაზე ზრუნავს

ენერგეტიკის მინისტრმა ნიკა გილაურმა განაცხადა, რომ ზამთრის განმავლობაში საჭიროების შემთხვევაში საქართველოს ექნება შესაძლებლობა ელექტროენერგიის იმპორტი განახორციელოს თურქეთიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და ირანიდან, ხოლო 300 მლნ კუბური მეტრი გაზი შაჰ–დენიზის პროექტის ფარგლებში აზერბაიჯანიდან მიიღოს.


ენერგომოწოდების დივერსიფიცირების მიმართულებით სამინისტროს მიერ გაწეული სამუშაოები ნიკა გილაურმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე შეაჯამა.


ერევნიდან დაბრუნებულმა ნიკა გილაურმა განაცხადა, რომ 29 სექტემბერს სომხეთის დედაქალაქში გაიმართა სამმხრივი შეხვედრა საქართველოს, სომხეთის და ირანის ენერგეტიკის მინისტრების მონაწილეობით, სადაც ხელი მოეწერა დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც საქართველოს ზამთრის განმავლობაში ელექტროენერგიის იმპორტი შეეძლება როგორც სომხეთიდან, ასევე ირანიდან.


“ეს სიმძლავრე იქნება მინიმუმ 50 მგვტ-ი. ამის გაზრდაზე ჩვენ გავაგრძელებთ მოლაპარაკებებს“, – განაცხადა ნიკა გილაურმა.


მინისტრის თქმით, ირანთან და სომხეთთან იმოქმედებს ისეთივე წესი, როგორიც გასული წლიდან თურქეთთან მოქმედებს. კერძოდ, ზამთარში საჭიროების შემთხვევაში იმპორტირებულ ელექტროენერგიას საქართველო ზაფხულის განმავლობაში ისევ ელექტროენერგიის სახით გაისტუმრებს.


“საჭიროების შემთხვევაში საქართველო თურქეთიდან 100 მგვტ ელექტოენერგიას იმპორტის სახით მიიღებს, რომელსაც  საქართველო ზაფხულის განმავლობაში დააბრუნებს ანუ ნაღდი ფულის გადახდა არ მოგვიწევს“, – განაცხადა გილაურმა. 


რაც შეეხება ბუნებრივი აირის დივერსიფიცირებას, მინისტრმა აღნიშნა, რომ ნოემბრიდან შესაძლებელი იქნება საქართველომ შაჰ–დენიზის პროექტიდან ასევე საჭიროების შემთხვევაში 300 მლნ კუბური მეტრი გაზი მიიღოს, ნაცვლად პროექტით თავდაპირველად გათვალისწინებული 60 მლნ კუბური მეტრისა.


“ეს შესაძლებელი გახდა მთელი წლის განმავლობაში წარმოებული ინტენსიური მოლაპარაკებების შედეგად და ამაზე თანხმობა აზერბაიჯანის ნავთობის სახელმწიფო კომპანიის პრეზიდენტმა ნატიკ ალიევმა უკვე განაცხადა“, – დასძინა მინისტრმა.


მისი თქმით, ჯერ-ჯერობით შეთანხმებული არ არის დამატებითი რაოდენობის ფასი, თუმცა მხოლოდ 60 მლნ კუბამეტრი გაზის მიღების შემთხვევაში, კონტრაქტით, საქართველომ 1000 კუბამეტრზე 55 აშშ დოლარი უნდა გადაიხადოს.


ამავდროულად, ნიკა გილაურმა აღნიშნა, რომ საქართველოსთვის ნომერ პირველი გაზის იმპორტიორი და პარტნიორი რუსული “გაზპრომი“ რჩება.


“მაგრამ ჩვენ ვაკეთებთ მაქსიმუმს, რომ ჩვენი ენეროუსაფრთხოება გავაძლიეროთ. მზად ვიყოთ ნებისმიერი სიურპრიზისთვის“, – განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version